ავიაბილეთების ფასი სუბსიდირების ხარჯზე გაიაფდება. როგორც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, სახელმწიფო მოახდენს ქართული ავიაკომპანიების დაფინანსებას, რათა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება განხორციელდეს. მინისტრმა განმარტა, რომ უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე დაწესებული შეზღუდვების გამო კომერციული ავიარეისების შევსება დღეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე ხდება და ამიტომ კონკრეტულ მიმართულებებზე თვითმფრინავის უნდა იყოს “მომგებიანი და მდგრადი”.

” დღესდღეობით სახელმწიფო და ჩვენი მთავრობა მიდის ბიზნესის მხარდაჭერის უპრეცენდენტო ზომებზე, განსაკუთრებით იმ ბიზნესების, რომლებიც დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ტურიზმი და ჩვენ დავეხმარეთ 1 მლრდ-იანი პაკეტით, ასევე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ქართული ავიაცია და ზოგადად, გლობალური ავიაცია, ეს არ ეხება მარტო ქართულ კომპანიებს. ჩვენ აბსოლუტურად შეთანხმებული და ერთიანები ვართ იმ საკითხებში, სადაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანას გართულებული კომუნიკაციების პერიოდში. ჩვენ ყველა საჭირო დახმარებას, იქნება ეს სუბსიდია თუ რაიმე სხვა დახმარება, ამისთვის გავწევთ. ეს არის სუბსიდია და დახმარება არა რომელიმე კონკრეტული კომპანიის, თუმცა არც ამას მოვერიდებით დღესდღეობით, არამედ ჩვენი მოქალაქეების დროულად და შეუფერხებლად ჩამოყვანის თვალსაზრისით. მაგრამ მე მინდა განვმარტო მექანიზმი – აქ საუბარი არის არა უფასო რეისებზე, აქ საუბარია კომერციულ რეისებზე, იმისთვის, რომ ეს კომერციული რეისები იყოს მდგრადი. ჩვენ ავკრძალეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსვლა და ისინი გამოაკლდნენ პოტენციურ მგზავრებს. მხოლოდ ქართველი მოქალაქეები ვერ იქნება იმ რაოდენობით წარმოდგენილი, რომ ხომალდის გაგზავნა კომერციულად მდგრადი იყოს, ჩვენ გარკვეულ თანამონაწილეობას გავიღებთ და შევავსებთ, მაგრამ ბილეთები იქნება ფასიანი. ასევე გეტყვით, რომ შევთანხმდით და ბილეთების ფასი, რომელიც ამ ბოლო დროს კრიტიკას იწვევდა, რადგან საკმაოდ მაღალი იყო, თანამონაწილეობის შედეგად სერიოზულად დაიკლებს და იქნება ძალიან ხელმისაწვდომი“,- განაცხადა მინისტრმა.