ავიაკომპანია Ryanair-ის წარმომადგენლის განცხადებით, მოგზაურობაზე მოთხოვნა იზრდება, რის გამოც ზაფხულში ევროპულ რეისებზე ბილეთების ფასები მოიმატებს. ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, მაიკლ ო’ლირი პროგნოზირებს, რომ ფასები პანდემიამდელ დონესთან შედარებით 10-15%-ით გაიზრდება.
ო’ლირის თქმით, ამჟამად არსებული შედარებით დაბალი ტარიფები ხელს უწყობს მგზავრთა ნაკადის ზრდას, რაც კომპანიას პანდემიისგან გამოწვეული ზარალის ანაზღაურებაში ეხმარება. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე ფისკალურ წელს კომპანია “გონივრულ მომგებიანობას” დაუბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ორშაბათს კომპანიამ 355 მილიონი ევროს ოდენობის წლიური ზარალის შესახებ განაცხადა, რისი მიზეზიც კორონავირუსი და უკრაინაში მიმდინარე ომი გახდა.
უკრაინის კონფლიქტმა გამოიწვია ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდა, რადგან გაჩნდა შიში, რომ რუსეთიდან (რომელიც წიაღისეული საწვავისა და ავიკეროსინის მსხვილი ექსპორტიორია) მიწოდება შეიძლება შეფერხდეს.
ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, ზაფხულის სეზონის პიკზე ფასები უფრო მაღალი იქნება ევროპულ პლაჟებზე დიდი მოთხოვნის გამო.
„ფასების ზრდა კვლავ გაგრძელდება“, — დასძინა მან.
ამავდროულად, ო’ლირი მიიჩნევს, რომ მომავალ ზამთარს ფასები ისევ დაიწევს. „თუმცა ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. ახლა არსებობს რეცესიის შიში, რეცესიის დროს კი, როგორც წესი, მოთხოვნადი ყველაზე იაფი სერვისის მომწოდებელია. დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში არის Ryanair და ჩვენ შეგვიძლია დაბალი ფასების შენარჩუნება“, — განაცხადა მან.
ავიაკომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ მომხმარებლები მოგზაურობებს კვლავ იმაზე გვიან ჯავშნიან, ვიდრე ადრე, თუმცა „ჯავშნების მრუდი“ უფრო მეტად ემსგავსება კორონავირუსამდე არსებულ პერიოდს.
ტურისტულმა გიგანტმა Tui-მ განაცხადა, რომ წელს ზაფხულის ჯავშნების რაოდენობა პრაქტიკულად მიუახლოვდება 2019 წლის დონეს, თუმცა „ბოლო წუთის“ იაფი ტურები მოსალოდნელი არ არის. „ამ ზაფხულს ბოლო წუთის იაფი შეთავაზებები პრაქტიკულად არ იქნება“, — განაცხადა Tui-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრიც იუსენმა.
გარდა ამისა, Ryanair-ის გენერალური დირექტორი აფრთხილებს მგზავრებს, რომ ამ ზაფხულს აეროპორტები გადატვირთული იქნება, ამიტომ უმჯობესია ადრე მისვლა, რათა გქონდეთ საკმარისი დრო რეგისტრაციისა და უსაფრთხოების შემოწმებისთვის.












