თვითმფრინავის ფანჯრები არ ბლოკავს მზის ულტრაიისფერ UVA სხივებს, ხოლო 30,000 ფუტ სიმაღლეზე UV რადიაციის ზემოქმედება ორმაგდება. დერმატოლოგები მგზავრებს SPF-ის გამოყენებას ურჩევენ.
ფრენის წინ მოსამზადებელი პროცედურების ჩამონათვალში მზისგან დამცავი კრემი იშვიათად ხვდება, თუმცა ექსპერტები აფრთხილებენ, რომ თვითმფრინავის ილუმინატორები მზის სხივებისგან დაცვის ნაკლებ გარანტიას იძლევა, განსაკუთრებით ფანჯრის ადგილის მოყვარულთათვის.
„თვითმფრინავის ფანჯრები სრულად არ ბლოკავს UVA სხივებს, რომლებიც შუშაში აღწევენ და აჩქარებენ კანის დაბერებას. გარდა ამისა, 30,000 ფუტ სიმაღლეზე ატმოსფეროს გათხელების გამო UV რადიაციის ზემოქმედება იზრდება, ამიტომ SPF აბსოლუტურად აუცილებელია ფრენის დროს“, – განმარტავს ბორდ-სერტიფიცირებული დერმატოლოგი, მარნი ნუსბაუმი.
დერმატოლოგიის თანახმად, ერთადერთი გამონაკლისი გრძელი ფრენებია, სადაც ილუმინატორები მუდმივად დახურულია.
საკრუიზო სიმაღლეზე (დაახლოებით 9,000 მეტრი) ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედება ზღვის დონესთან შედარებით ორჯერ მეტია.
თვითმფრინავის ფანჯრები ბლოკავს UVB სხივების უმეტესობას, რომლებიც მზისგან დამწვრობას და კანის კიბოს განვითარებას უწყობს ხელს.
უფრო გრძელი ტალღის სიგრძის მქონე UVA სხივები კი თავისუფლად გადაიცემა ფანჯრებიდან, რაც იწვევს კოლაგენის დაშლას, ნაადრევ ნაოჭებს და კანის კიბოს გაზრდილ რისკს.
დოქტორი ნუსბაუმი აღნიშნავს, რომ ფანჯრის ადგილი მგზავრს ულტრაიისფერი სხივების უფრო მეტ ზემოქმედებას უქმნის, ვიდრე გასასვლელთან მდებარე ადგილი. მისივე თქმით, რისკი მაღალია მოღრუბლულ დღეებშიც კი, რადგან ღრუბლები ვერ აჩერებენ სხივებს.
რაც უფრო ხშირად დაფრინავს ადამიანი, მით მაღალია კანის დაზიანების რისკი UV გამოსხივებისგან. დერმატოლოგის თქმით, პილოტებსა და ბორტგამცილებლებს შორის მელანომის (კანის კიბოს სახეობა) შემთხვევები ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ზოგად მოსახლეობაში.
მუდმივი მოგზაურებისთვის დერმატოლოგი ყოველდღიურ რეკომენდაციებს იძლევა:
-
ყოველდღიური დაცვა: გამოიყენეთ ანტიოქსიდანტებით მდიდარი შრატი და მინერალურ ბაზაზე დამზადებული SPF.
-
დატენიანება: ვინაიდან სალონის ჰაერი მშრალია (ტენიანობა ხშირად 20%-ზე დაბლა ეცემა), შეარჩიეთ ფორმულები დამატენიანებელი ინგრედიენტებით, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა, გლიცერინი ან კერამიდები. კრემოვანი ფორმულები, როგორც წესი, უფრო დამატენიანებელია, ვიდრე გელები.
მზისგან დამცავი კრემის გარდა, დოქტორი ნუსბაუმი გვირჩევს: ბევრი წყლის დალევას, დამატენიანებელი შრატის ან ბარიერული კრემის გამოყენებას ბორტზე ასვლამდე, და ფრენის შუა პერიოდში დამამშვიდებელი ჰიდრატორების შესხურებას. ტუჩის დამატენიანებელი შრატის გამოყენება კი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს.












