ატლანტის ჰარტსფილდ-ჯექსონის საერთაშორისო აეროპორტი (ATL), რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია, მგზავრებს ახალ კომფორტს სთავაზობს. ადგილობრივმა კომპანია Reclaim-მა და ტექნოლოგიურმა გიგანტმა SITA-მ პარტნიორობა დააანონსეს, რომელიც მოგზაურებს საშუალებას აძლევს, ბარგი სახლიდან ან სასტუმროდან გაგზავნონ და აეროპორტში ჩემოდნების გარეშე გამოცხადდნენ.
სერვისის მუშაობის პრინციპი მარტივია: კურიერი მგზავრისთვის სასურველ მისამართზე აკითხავს ბარგს, ახდენს მის რეგისტრაციას და აეროპორტში მგზავრზე ადრე მიაქვს. ჩემოდნები პირდაპირ შესაბამის ავიაკომპანიას გადაეცემა, მგზავრი კი აეროპორტის ტერმინალებში სრულიად თავისუფლად, რიგების გარეშე გადაადგილდება. სერვისის ღირებულება ხელბარგისთვის 20 დოლარიდან, ხოლო რეგისტრირებული ბარგისთვის 25 დოლარიდან იწყება. საშუალოდ, მგზავრები ამ კომფორტისთვის 40-დან 50 დოლარამდე ხარჯავენ.
როგორც SITA-ს პრეზიდენტმა, შონ გრეგორმა აღნიშნა, ბარგის დამუშავების პროცესის აეროპორტის გარეთ გატანა ეხმარება ტერმინალებს პიკური დატვირთვის მართვაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ატლანტისთვის, რომელიც 2030 წლისთვის წელიწადში 125 მილიონი მგზავრის მიღებას გეგმავს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული სერვისი არ აკლებს შემოსავალს ავიაკომპანიებს — მგზავრი ბარგის გადაზიდვის სტანდარტულ საფასურს მაინც იხდის, თუმცა თავად პროცესი ბევრად უფრო ეფექტური და ნაკლებად სტრესული ხდება.












