სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტიდან აეროპორტ „სტამბოლში“ ყველა რეისის გადამისამართება გაწერილ ვადებში ვერ მოესწრო. თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლის ახალ აეროპორტში ყველა რეისის გადამისამართება მარტამდე მოხდება და შესაბამისად სწორედ მარტის შემდეგ შეწყვეტს ათათურქის საერთაშორისო აეროპორტიც ფუნქციონირებას.
გეგმის მიხედვით კი ყველა რეისის გადამისამართება 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა მომხდარიყო, თუმცა თურქეთის მთავრობის, Istanbul Grand Airport-ისა (IGA) და Turkish Airlines-ის (THY) მენეჯმენტის 2.5 საათიანი შეხვედრის შემდეგ ვადამ გადაიწია.
სტამბოლის ახალი აეროპორტი „სტამბოლი“ წელიწადში 90 მლნ მგზავრის გატარებას შეძლებს.
სამომავლოდ აეროპორტს კიდევ 2 ტერმინალი და 3 ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი შეემატება, რაც აეროპორტს წელიწადში 200 მლნ მგზავრის გატარების საშუალებას მისცემს.
ტერმინალი, რომელიც მიმდინარე წელს ამოქმედდა არის ამ ტიპის მსოფლიოში ყველაზე დიდი შენობა და მასში განთავსებულია
რეგისტრაციისთვის განკუთვნილი 13 ლოკაცია 468 სარეგისტრაციო დახლით;
114 თვითმომსახურების ჯიხური;
51 თვითმომსახურების, ბარგის ჩასაბარებელი ჯიხური;
228 საპასპორტო საკონტროლო-გამშვები პუნქტი;
77 გასასვლელი;
Duty Free-ს ზონა რომელიც 55 ათას კვ/მ ზეა გადაჭიმული;
42 კმ-იანი საბარგო სისტემა, რომელსაც საათში 28,9 ათასი ერთეული ბარგის გადამუშავება შეუძლია.
სტამბოლის მესამე აეროპორტის მშენებლობის აეროპორტის მშენებლობის ტენდერი 26.14 მლრდ ევროიანი შეთავაზებით Limak-Kolin-Cengiz-MaPa-Kalyon-მა მოიგო. მთავრობის გათვლებით ექსპლუატაციაში გაშვებიდან 25 წლის შემდეგ აეროპორტის მოგება 22,2 მლრდ დოლარი იქნება.
სტამბოლის ახალი აეროპორტი ქალაქიდან 35 კმ-ითაა დაშორებული და სტამბოლთან მეტროთი იქნება დაკავშირებული და ის 13 გაჩერებას გააერთიანებს. მეტროს ხაზის მშენებლობის პირველი ეტაპი წელს დაიწყო, მეორე კი 2021 წელს დაიწყება. წინასწარი გათვლებით პროექტის ბიუჯეტი 4,85 მლრდ თურქული ლირაა.
მეტროს ახალი ხაზი მგზავრს საშუალებას მისცემს აეროპორტში 30 წუთში მოხვდეს.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის მთავრობამ სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის დახურვის გადაწყვეტილება მას შედეგ მიიღო, რაც დაინახა, რომ აეროპორტი გაზრდილი მგზავრთნაკადის გატარებას სრულფასოვნად ვეღარ ახდენდა და ინფრასტრუქტურა უფრო მეტად გაფართოების საშუალებასაც აღარ იძლეოდა.