აჭარის ტურისტული პოტენციალით ჩინეთიდან წამყვანი ტურისტული კომპანიების მენეჯერები დაინტერესდნენ. მათთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში რეგიონის ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია გაიმართა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის ტურისტულ ატრაქციებს, სამზარეულოსა და კულტურას გაცნობოდნენ. პრეზენტაციისას საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ კოპლატაძემ იმ ტურისტულ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელიც პრიორიტეტულია აჭარისათვის. ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიული ქვეყანაა ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის კუთხით. შეხვედრაზე აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტებსა და რეგიონში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინე ძიძიგურმა. ჩინეთი საქართველოსთვის ახალი და საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა მზარდია.
ბოლო ორ წელში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში 107 ინფო და მედია ტურს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც აჭარის ტურისტულ პოტენციალს 963 ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი გაეცნო.