2020 წლისთვის აჭარა ცნობადობის გაზრდისა და ახალი ბაზრების მოძიების მიმართულებით  ინტენსიურად მუშაობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მომავალ წელს აქცენტი ძირითად იმ ქვეყნებზე გაკეთდება, სადაც პირდაპირი ფრენები არსებობს და ტურისტი მარტივად შეძლებს აჭარაში ჩასვლას.

2019 წლის ოქტომბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მომსახურეობით  47,536 მგზავრმა ისარგებლა, რაც 13 %-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (წყარო – საქართველოს აეროპორტების გაერთიანება)

იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 3%-ით გაიზარდა და 571,629 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 555,693 მგზავრი). 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე აცხადებს, რომ  ოქტომბერში სამივე საზღვარზე საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულ ვიზიტები წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 8,6%-ითაა გაზრდილი.

„მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, აჭარაში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენცია გვაქვს. აჭარის სამივე საზღვრის კვეთის მონაცემის მიხედვით, რეგიონში იანვარ-ოქტომბერში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ  1’441’544 ვიზიტი განხორციელდა, რაც +3.6 % – ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.

მხოლოდ ოქტომბრის თვის მონაცემები რომ შევაჯამოთ, სამივე საზღვარზე ( სარფი, აეროპორტი, პორტი) საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულ ვიზიტები წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 8,6%-ითაა გაზრდილი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი 9 %-ით.

მიმდინარე წელს, ჩვენი ქვეყანა  და რეგიონი იდგა დიდი გამოწვევის წინაშე, რომელმაც გავლენა იქონია სექტორზე, თუმცა კერძო სექტორისა და მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ამ გამოწვევის დაძლევა. აჭარის მაგალითზე, რომ ვისაუბროთ ჩვენ ვმუშაობდით ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით და აქტიურად ვანხორციელებდით რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას როგორც ტრადიციულ, ისე ახალ ევროპულ ბაზრებზე. შესაბამისად, რეგიონში ვიზიტორების კუთხით პოზიტიური ტენდენციები იკვეთება ისეთი ევროპული ქვეყნებიდან, როგორებიცაა ლატვია, ესტონეთი, გერმანია და ლეიტუვა. ჩვენ რეგიონის ცნობადობის გაზრდისა და ახალი ბაზრების მოძიების მიმართულებით მუშაობას 2020 წლისთვისაც გავაგრძელებთ, სადაც აქცენტი ძირითად იმ ქვეყნებზე გაკეთდება, სადაც საქართველოს პირდაპირი ფრენები აქვს და ტურისტები მარტივად შეძლებენ ჩამოსვლას“, განმარტავს თინათინ ზოიძე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებლით, 10 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა საქართველოში პირველად ისტორიულ 8 მილიონს გადააჭარბა და 8 020 230 შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ია.
საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6 647 866 შეადგინა (ზრდა 6.2%-ია), ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4 429 601 (ზრდა 6%).

წინასწარი მონაცემებით 2019 წლის იანვარი-ოქტომბრში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 2.8 მილიარდ დოლარს (ზრდა +0.9%), რაც 25 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
წინასწარი მონაცემებით 2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 267 მილიონ დოლარს (ზრად +5.2%), რაც 13 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოს აეროპორტები ჯამში – 4,555,673 მგზავრს მოემსახურა. რაც 4% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 4,362,002 მგზავრი).

რაც შეეხება ოქტომბრის თვეს, მგზავრთნაკადის ზრდა თბილისის გარდა, ქვეყნის ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ აეროპორტში დაფიქსირდა:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოქტომბერში 284,442 მგზავრს მოემსახურა, რაც -15% ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 335094 მგზავრი ). შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის -1% კლებაა 10 თვის ჭრილშიც. აეროპორტი იანვარ-ოქტომბერში 3,255,965 მგზავრს მოემსახურა (2018 წელი 3,286,344 მგზავრი).         

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  მგზავრთნაკადი 2019 წლის ოქტომბერში 44% გაიზარდა და 89,232 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 62,000 მგზავრი). რაც შეეხება 10 თვის მონაცემებს, იანვარ-ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  719,324 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40%მეტია. (2018 წელი 512,386 მგზავრი).

2019 წლის ოქტომბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 47,536 მგზავრმა ისარგებლა. რაც 13 %-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 41,980 მგზავრი). რაც შეეხება 10 თვის ჭრილს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 3%-ით გაიზარდა და 571,629 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 555,693 მგზავრი). 

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ პროგნოზით, თბილისის აეროპორტში ათ თვეში 12 %-იანი ზრდის მოლოდინი იყო, ხოლო ბათუმის აეროპორტში კი 15 %-იანი ზრდის. ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, სადაც არსებული მაჩვენებლები და მოლოდინები ერთმანეთს ემთხვევა – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტია. რადგან ამ აეროპორტს რუსული ავიასანქციები ფაქტობრივად არ შეხებია. 2019 წლის 8 ივლისამდე ქუთაისიდან მოსკოვის მიმართულებით ერთადერთი ავიაკომპანია “ურალი” დაფრინავდა.