აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია უნგრეთში განხორციელდა.
ბათუმთან დამეგობრებულ ქალაქ კესტჰეიში გამართულ ფესტივალზე ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ქართულ პოლიფონიურ სიმღერას, ცეკვას, აჭარის ეთნოგრაფიასა და ტურისტულ პროდუქტებს გაცნობოდნენ. ფესტივალის ფარგლებში ქალაქის მთავარ მოედანზე მოეწყო ღვინის, ჩურჩხელის მასტერკლასები და აჭარის ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც ვიზიტორებს დეგუსტაციისა და აჭარის საპრომოციო მასალების გაცნობის საშუალება ჰქონდათ.
ფესტივალზე ქართული სიმღერა და ცეკვა ანსამბლმა „ბათუმმა“ და „არსიანმა“ წარმოადგინა.
უნგრეთში აჭარის კულტურული და ტურისტული პროდუქტები ბათუმის მერიის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, მუზეუმების გაერთიანებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით წარმოჩინდა. ღონისძიებას უნგრეთში საქართველოს ელჩის თამარ ლილუაშვილის მოწვევით სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები, ქალაქ კესტჰეის მერი და მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.