აჭარის მთავრობა საზღვაო ტურიზმის განვითარებისთვის აქტიურდება. რეგიონს ამ მხრივ მართლაც დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა მისი წილი მთლიან ტურიზმში დღეისათვის მცირეა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე განმარტავს, რომ არსებულ რესურსს გამოყენება სჭირდება. რეგიონის პირველი ეკონომისტი ინვესტორების ინტერესზეც ამახვილებს ყურადღებას, მით უმეტეს, რომ მათ მთავრობა გარკვეულ საგადასახადო შეღავათებსაც უმზადებს. პროექტზე აჭარის მთავრობა ცენტრალურ მთავრობასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს.
გასულ წლებში საუბარი იყო ბათუმის პორტის გაფართოებაზეც, თუმცა აღნიშნული პროექტი დღეს დღის წესრიგში ნომერ პირველ საკითხად არ დგას.
„აჭარას გააჩნია ზღვის რესურსი, რომელსაც მაქსიმალურად ვერ ვიყენებთ, ანუ არ ხდება ამ რესურსის ოპტიმალური გამოყენება.
ეს იქნება ლოჯისტიკის მიმართულებით თუ უშუალოდ საზღვაო რესურსის გამოყენების თვალსაზრისით, ზღვის პროდუქტების მიმართულებით და ასევე ტურისტული თვალსაზრისითაც. ამ მხრივ აჭარის მთავრობა აბსოლუტურად მზადაა, ყველა ფლანგზე გვაქვს მზაობა, რომ ჩვენი საქმიანობა განვახორციელოთ.
რაც შეეხება პორტის გაფართოებას, ეს ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტი თემაა. ამ ყველაფერს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ცხადია საკითხზე ცენტრალურ მთავრობასთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ. უბრალოდ დღეს, დღისწესრიგში ეს საკითხი არ დგას, თუმცა თუ კი ეს პროექტი იქნება ოპტიმალური და საჭირო არ გამოვრიცხავ, რომ ამ მიმართულებით გაიმართოს განხილვები და დაიწყოს გარკვეული საქმიანობა“, აცხადებს ჯაბა ფუტკარაძე.
მინისტრის განმარტებით, რეგიონალური ჰაბის პროექტში დიდი იქნება სატრანსპორტო კომპანიების ჩართულობაც, რაც საბოლოო ჯამში საკრუიზო ტურიზმის განვითარების წინაპირობა გახდება.
„აჭარის მთავრობას გარკვეული ინიციატივები აქვს საკრუინგო კომპანიებთან მიმართებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეიქმნას რეგიონალური ჰაბი, სადაც გარკვეული მხარდაჭერა და სხვადასხვა ბენეფიტები ექნებათ საერთაშორისო კომპანიებს, თუ ისინი აჭარაში რეგიონალურ ოფისებსა და წარმომადგენლობებს გახსნიან.
ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი რეალური და მუშა სეგმენტი იქნება სატრანსპორტო კომპანიები.
საუბარი მიდის რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარებაზე. მოსაზრება არის, რომ ეს ყველაფერი შავი ზღვის ქვეყნების ბმაში გაკეთდეს და საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის პორტების ფარგლებში საკრუიზო მიმოსვლა განხორციელდეს.
საუბარია ასევე ადგილობრივ ჭრილში, მაგალითად ბათუმი-ქობულეთი-ურეკის საკრუიზო მარშრუტების შექმნაზე.
ბევრი ინვესტორი, რომელიც აჭარაში მოდის და ჩვენს რეგიონში სხვადასხვა პროექტის განხორციელებას აპირებს, მარინების მოწყობის თემებითაც იჩენენ დიდ ინტერესს. თუ იქნება ბევრი მარინები და ნავმისადგომები ეს ავტომატურად განავითარებს იახტებისა და ადგილობრივ საზღვაო ტურიზმს, რომელსაც დიდი ლაინერები და გემები სრულებით არ სჭირდება“, აცხადებს ჯაბა ფუტკარაძე.
აჭარის ფინანსთა მინისტრი ბათუმში იახტკლუბის მშენებლობასაც აანონსებს, მით უმეტეს, რომ დაინტერესებულმა ინვესტორმა რეგიონის მთავრობას იახტკლუბის ესკიზი უკვე წარუდგინა.
„აქტუალურია ბათუმში იახტკლუბის მშენებლობის საკითხი, ინვესტორმა მისი განვითარების გეგმაც კი წარმოადგინა და ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობთ. მათი მხრიდან ესკიზიც უკვე წარმოდგენილია და მიდის მუშაობა მის განხილვაზე, რაც ჩვეულებრივი მუშა საკითხია.
გარდა ამისა იახტკლუბებისა და მარინების მშენებლობა განიხილება სხვა ლოკაციებზეც“, აცხადებს მინისტრი.