შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის AstraZeneca-ს 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა. ვაქცინას საქართველოში Turkish Cargo-ს რეისით ჩამოიტანეს.
AstraZeneca-ს ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია.
AstraZeneca-ს ვაქცინაცია შესაძლებელია 45 წლის და ზედა ასაკის პირებისთვის.
AstraZeneca-თი ვაქცინაცია შეუძლიათ იმ პირებს, რომლებმაც გარკვეული ხარვეზების გამო მეორე დოზები ვერ მიიღეს და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც პირველ დოზებზე დარეგისტრირდნენ.
მეორე დოზაზე რეგისტრაცია შესაძლებელია პირველი დოზის ჩატარების შემდეგ.
AstraZeneca-ს ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი 4 კვირიდან (28 დღე) – 12 კვირამდე (84 დღე) პერიოდია.
ამასთან, ბოლო მტკიცებულებებით ოპტიმალური პერიოდი 8-12 კვირიანი (56-84 დღე) ინტერვალია.
AstraZeneca-თი ვაქცინაციის ცენტრები მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში შეირჩევა.
AstraZeneca-ს ვაქცინაზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
საქართველომ AstraZeneca-ს დამატებითი დოზები COVAX პლატფორმიდან მიიღო.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.