აშშ-ში სასწავლებლად მყოფი ქართველი და სომეხი მოსწავლეები სამშობლოში Georgian Airways-ის სპეცრეისით დაბრუნდნენ. 

79 ქართველი მოსწავლე, რომელიც ამერიკაში იმყოფებოდა, უკვე საქართველოშია. მათი დაბრუნება შესაძლებელი გახდა საქართველოსა და აშშ – ის მთავრობათა თანამშრომლობის შედეგად. მოსწავლეების ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაყვანა ამერიკულმა მხარემ, ხოლო დოჰადან Georgian Airways-ის სპეცრეისით თბილისამდე, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო.

ქართველ მოსწავლეებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა 35 მოსწავლე სომხეთიდან, რომელიც ქართველ თანატოლებთან ერთად ამერიკაში იმყოფებოდა.

აღსანიშნავია რომ დოჰას აეროპორტში მოსწავლეებს Georgian Airways-მა საქართველოში წარმოებული დოლბანდის პირბადეები (მრავალჯერადი მოხმარების) დაურიგა. თავად Georgian Airways-ის ეკიპაჟის წევრების უმეტესობაც თვითმფრინავში საქართველოში წარმოებული პირბადეებით იყო. 

მოსწავლეებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიარეს სავალდებულო თერმოსკრინინგი და შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ავტობუსებით, ჭადრაკული განლაგებით, განთავსდნენ თბილისსა და კახეთში არსებულ ორ საკარანტინო ზონაში, სადაც ისინი 14 დღეს დაჰყოფენ და შემდეგ დაუბრუნდებიან ოჯახებს. კარანტინის დროს, მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით და ექიმის 24-საათიანი მეთვალყურეობით, ხოლო უშუალოდ საკარანტინო ზონებს პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ.

რაც შეეხება მოსწავლეებს სომხეთიდან, ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სომხეთში გაემგზავრნენ. აღნიშნულ რეისებს კი ავიაკომპანია Georgian Airways-ი მოემსახურება.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით, 86 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება.

აღსანიშნავია, რომ  საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა ახალი, დამატებითი რეისები ევროპისა და აზიის სხვა ქალაქებიდან, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.