საქართველოში აშშ-ს ელჩმა იმერეთში ვიზიტისას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. აეროპორტში კელი დეგნანს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და საქარველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე მასპინძლობდნენ.
“ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის გაფართოების სამუშაოები. მიმდინარეობს საბარგო სისტემის მონტაჟი. ასევე მიმდინარეობს სხვა სარემონტო სამუშაოები. დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო აშშ-ს ელჩი”, განაცხადა თამარ არჩუაძემ, რომელმაც კელი დეგნანს აეროპორტი დაათვალიერებინა და მიმდინარე სამუშაოების მნიშვნელობაზე უამბო.
როგორც ცნობილია, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი იგივე პროცესი განხორციელდება არსებულ ტერმინალშიც. რის შემდეგაც ახალი და ძველი ტერმინალების შეერთების ფაზა დაიწყება და ქუთაისს ექნება განახლებული, თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტის აეროპორტი ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც ოპერირებისთვის არის საჭირო. პარალელურად მიმდინარეობს მშენებლობის მესამე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები.
საინჟინრო-კომუნიკაციების გაყვანილობის ძირითადი ნაწილის მოწყობა დასრულებულია. ასევე, პოლონური კომპანია Dimark group-ის მიერ მიმდინარეობს ბარგის მართვის სისტემის მონტაჟი. დასრულებულია ფასადის, ვიტრაჟებისა და სახურავის მოწყობის სამუშაოები. მოეწყო ახალი სამგზავრო ტერმინალის ტერასა და სასეირნო ბილიკები უნიკალური მწვანე გადახურვით. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებულ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.