აშშ-ის ცა ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ზებგერითი სამგზავრო თვითმფრინავების მისაღებად ემზადება. აშშ-ის ფედერალური სამოქალაქო ავიაციის სამმართველო (FAA) გეგმავს, მოხსნას შეზღუდვები, რომლებიც 1973 წელს ზებგერითი დარტყმის შედეგად გამოწვეული ძლიერი ხმაურის გამო დაწესდა.
მოსალოდნელია, რომ ხმაურის სერტიფიცირების სტანდარტები 2026 წლის 6 დეკემბრამდე დადგინდება, საბოლოო წესები კი 2027 წლის 6 ივნისამდე. ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს. მაგალითად, ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესამდე ფრენა დაახლოებით 6 საათის ნაცვლად 3,5 საათი დასჭირდება.
ცნობილია, რომ ხმაურის პრობლემის მოსაგვარებლად, რამდენიმე კომპანია ახალ ტექნოლოგიებს ავითარებს.
Boom Supersonic მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც თვითმფრინავებს საშუალებას მისცემს, 9000 მეტრზე მეტ სიმაღლეზე მიაღწიონ ზებგერით სიჩქარეს ისე, რომ ადგილზე ხმაური არ წარმოქმნან. ამ ტექნოლოგიის პირველი საცდელი ფრენა 2025 წლის იანვარში განხორციელდა.
NASA და Lockheed Martin ერთობლივად ქმნიან ზებგერით თვითმფრინავს X-59. მისი უნიკალური კონსტრუქცია, რომელშიც ძრავები ფიუზელაჟის ზედა ნაწილშია განთავსებული, დარტყმითი ტალღებისა და ხმაურის შემცირებას ისახავს მიზნად, რაც ფრენას ქალაქის მცხოვრებთათვის უფრო კომფორტულს გახდის.












