ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან აეროპორტებში უსაფრთხოების შემოწმების (TSA) პუნქტებთან კატასტროფული რიგებია, რის გამოც მსხვილმა ავიაკომპანიებმა მგზავრებისთვის საგანგებო შეღავათები დააწესეს. ფედერალური მთავრობის მუშაობის ნაწილობრივი შეჩერების (ე.წ. Shutdown) მეექვსე კვირას, TSA-ს ოფიცრები, რომლებიც ანაზღაურების გარეშე მუშაობენ, მასობრივად ტოვებენ პოზიციებს. შედეგად, ზოგიერთ ჰაბში, მაგალითად ჰიუსტონსა და ატლანტაში, შემოწმების მოლოდინის დრომ 5-6 საათს მიაღწია, რამაც ათასობით მგზავრის მიერ რეისების გამოტოვება გამოიწვია.
შექმნილი ქაოსის საპასუხოდ, Allegiant Air, Delta Air Lines და United Airlines დროებით აუქმებენ ჯარიმებს ბილეთების დაჯავშნის შეცვლასა თუ გაუქმებაზე:
Allegiant Air: შემოიღო გარანტია „იმოგზაურეთ თავდაჯერებულად“, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, უფასოდ შეცვალონ ან გააუქმონ ფრენა და დაიბრუნონ თანხა.
Delta Air Lines: შეღავათი ვრცელდება ატლანტის აეროპორტზე, სადაც მგზავრებს ურჩევენ, გაფრენამდე 4 საათით ადრე გამოცხადდნენ. ავიაკომპანია უფასოდ სთავაზობს რეისების გადატანას 30 მარტამდე.
United Airlines: სპეციალური ვაიერი (Waiver) მოქმედებს ჰიუსტონის აეროპორტისთვის. მგზავრებს, რომლებსაც ფრენა 23-24 მარტს ჰქონდათ დაგეგმილი, შეუძლიათ ბილეთები 31 მარტამდე პერიოდზე ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე გადაცვალონ.
ექსპერტების შეფასებით, ავიაკომპანიები იძულებულნი გახდნენ ამ ნაბიჯზე წასულიყვნენ, რადგან კრიზისის დასრულების პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს. პარალელურად, იზრდება პოლიტიკური ზეწოლა კონგრესზე, რათა დროულად მოხდეს საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის დაფინანსება და TSA-ს თანამშრომლებმა კუთვნილი ხელფასების მიღება შეძლონ. მგზავრებს კი მოუწოდებენ, აეროპორტში გასვლამდე მუდმივად აკონტროლონ TSA-ს მოლოდინის დრო სოციალური ქსელებისა და ოფიციალური ვებგვერდების მეშვეობით.












