აშშ „ღია ცის შეთანხმებას“ აღარ შეუერთდება. „ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკულმა მხარემ რუსეთს განუცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „ღია ცის შეთანხმებას“ რუსეთის მხრიდან დარღვევებმა ძირი გამოუთხარა.

„აშშ სინანულს გამოთქვამს, რომ ღია ცის შეთანხმებას ძირი გამოუთხარა რუსეთის მხრიდან დარღვევებმა“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

უწყების განცხადებით, ხელშეკრულების განხილვის შედეგად, აშშ არ აპირებს მას დაუბრუნდეს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა არ მიიღო ზომები, რათა მის შესრულებას დაბრუნებოდა.

აშშ-მა ღია ცის შეთანხმება ოფიციალურად გასული წლის ნოემბერში დატოვა.

„ღია ცის შეთანხმება“ მონაწილე ქვეყნების ავიაციას ერთმანეთის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელების უფლებას ანიჭებს. „ღია ცის შეთანხმება“ 1992 წელს ჰელსინკიში გაფორმდა.

შეთანხმების დატოვების მიზეზად აშშ-მა რუსეთის მიერ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენების არდაშვება დაასახელა.

რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ხელშეკრულების პირობების დარღვევაში საპასუხო ბრალდებებს აშშ-სა და მის პარტნიორებს უყენებს.

წყარო: 1tv.ge