არსებული რეგულაციების შემსუბუქება, თავის მხრივ ავიაკომპანიების მგზავრთნაკადზე დადებით ასახვას პოვებს, – აცხადებს ავიაკომპანია Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი. რომან ბოკერია ამბობს, რომ ხშირად უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გამო სამშობლოში დროებით ჩამოსვლაზე უარის თქმა უწევდათ.
“უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთისას PCR კვლევის დამადასტურებელ დოკუმენტს ვერ წარმოადგენენ, კარანტინის ნაცვლად 12 დღიან თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან.
ეს არის არსებული რეგულაციის შემსუბუქება, რაც თავის მხრივ დადებით ასახვას პოვებს ავიაკომპანიების მგზავრთნაკადზე. ბარიერების მოხსნის ფონზე, უცხოეთში მცხოვრებს საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გამო ქვეყანაში დროებით ჩამოსვლისგან თავის შეკავება აღარ მოუწევთ. ეს ყველაფერი კი საავიაციო ბაზრის გამოცოცხლებასაც შეუწყობს ხელს. მიღებული გადაწყვეტილება მგზავრის ინტერესებს ასახავს, თუმცა მასში ეპიდემიოლოგიური რისკებიც გათვალისწინებულია.
მალე ველოდებით ვაქცინების ოფიციალურ რეგისტრირებასაც და იმედი გაქვს, რომ COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვებიც მოიხსნება.
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე ნოემბერსა და დეკემბერში რამდენიმე რეისის გაუქმება მოგვიწია. COVID-19-ის პანდემიის პირობებში ჩვენი რეისებით ძირითადად საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ და მას შემდეგ, რაც ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება მოხდება, იმედი გაქვს, რომ საქართველოში ტურისტების შემოდინებაც ეტაპობრივად აღდგება”, აცხადებს რომან ბოკერია.
შეგახსენებთ, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის იცვლება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი, კერძოდ, მოქალაქე, რომელიც შემოვა ქვეყანაში და არ ექნება PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, აღარ გადავა სავალდებულო საკარანტინო სასტუმროში, არამედ მას მოუწევს თვითიზოლაცია 12 დღის განმავლობაში. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლისას წარმოადგენენ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს, მათ ექნებათ ვალდებულება, იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში 8 დღის განმავლობაში.
მოქალაქეებისთვის, რომელთაც არ ექნებათ თვითიზოლაციის შესაძლებლობა, სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ შესაბამის საკარანტინო სასტუმროებში განთავსებას.