არსებული დინამიკის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2025 წელს საპროგნოზო მაჩვენებლებზე მაღალი შედეგებით დავასრულებთ, – ასე აჯამებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძე საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადს, სადაც 11 თვის მაჩვენებლებით რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.
2025 წლის იანვარ-ნოემბრის სტატისტიკით, საქართველოს აეროპორტები 8 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურნენ, რაც რეკორდული მაჩვენებელია
„მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით საქართველოს აეროპორტები 8 მილიონამდე მგზავრს მოემსახურნენ, რაც მგზავრთანაკადის რეკორდული რაოდენობა ქვეყნისთვის.
აღნიშნული განაპირობა გაზრდილმა ფრენების რაოდენობამ. კერძოდ, იანვარ-ნოემბერში რეკორდული რაოდენობის – 35 ათასზე მეტი ავიარეისი შესრულდა. აღსანიშნავია, რომ ფრენების მაღალი მაჩვენებლები შენარჩუნებულია ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაშიც.
მეტიც, დაგვემატა რამდენიმე ახალი მიმართულება ვენეციისა და პეკინის სახით. ასევე, 15 დეკემბრიდან ყაზახური ავიაკომპანია სკატი ფრენას დაიწყებს კიდევ ერთ ახალ საჰაერო ხაზზე.
ამასთან აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით საქართველოს აეროპორტები მოემსახურნენ დაახლოებით 34 ათას ტონა ტვირთს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით დაახლოებით 50%-იან ზრდას წარმოადგენს.
არსებული დინამიკის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2025 წელს საპროგნოზო მაჩვენებლებზე მაღალი შედეგებით დავასრულებთ“, აცხადებს ალექსანდრე გაჩეჩილაძე.
მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადი, ისე ფრენების რაოდენობა. იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტები 8 მლნ-მდე (7 863 534) მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული მგზავრთნაკადის (6 908 493) რაოდენობას 14%-ით აღემატება.
საანგარიშო პერიოდში განხორციელებული რეგულარული რეისების რაოდენობამ 26 855 ავიარეისი შეადგინა, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ – 8 250. ჯამურად, 11 თვეში შესრულებული ავიარეისების რაოდენობა (35105) 18%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების (29 871) რაოდენობას, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 4 981 865 მგზავრს, რითაც ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 13% შეადგინა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო 1 692 513 მგზავრი, რაც 7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. ყველაზე მაღალი ზრდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა. კერძოდ, 11 თვეში აეროპორტი მოემსახურა 1 165 767 მგზავრს, რაც 30%-ით მეტია შარშან გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე.
სატვირთო გადაზიდვების ზრდის მაღალი მაჩვენებლები შენარჩუნდა მეოთხე კვარტალშიც. ჯამურად, განვლილ 11 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 33 924.485 ტონა შეადგინა. შესაბამისად, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 49%-ით გაიზარდა.
2025 წლის იანვარ-ნოემბერში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 17%-იან წილს ფლობს და 1 309 716 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი. საერთაშორისო რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი სამეული ასე გამოიყურება Wizz Air Hungary – 17%; Georgian Airways – 8%; Pegasus და Turkish Airlines – 7 -7 %.












