Georgian Airways-ი საზოგადოებისთვის საკუთარი პერსონალის გაცნობას განაგრძობს. საუბარია იმ თანამშრომლებზე, რომლებიც Georgian Airways-ის ფრენებს ემსახურებიან და მგზავრების ტრანსპორტირებაზე, კომფორტზე და უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.
ამჯერად საუბარია Georgian Airways-ის მეორე პილოტ მაგდა ქააძეზე – მფრინავი გოგონა თუშეთიდან.
Georgian Airways-ის ეკიპაჟის ერთადერთი ქალბატონი – მაგდა ქააძე ავიაკომპანიაში მეორე მფრინავად 2018 წლიდან მუშაობს. მაგდა თუშეთში გაიზარდა და ბავშვობაში ხშირად ადევნებდა თვალს სოფელში ჩამოფრენილ ვერტმფრენებს.
საქართველოში არაერთი მფრინავი თუშია, მხოლოდ ჩვენს კომპანიაში 5-6 მფრინავია თუშეთიდან. ბავშვობაში ავიაციის სფეროს სწორედ ამ ადამიანებმა გამაცნეს. სოფელში ხშირად ჩამოდიოდნენ ადგილობრივი მფრინავები, ვერტმფრენით ჩამოფრინდებოდნენ ხოლმე. ეს ჩემთვის ახალი და უცხო იყო, ვინტერესდებოდი და ბევრს ვესაუბრებოდი მფრინავებს, შემდგარ ავიატორებს“.
უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დრო რომ მოვიდა, მაგდამ საავიაციო უნივერსიტეტში ჩაბარება და მფრინავის პროფესიის ათვისება გადაწყვიტა.
“ძალიან გამიმართლა ჩემს ოჯახში, ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით ერთმანეთის აზრსა და გადაწყვეტილებებს. ჩემი სურვილის გამოხატვა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ერთობლივად მიგვეღო გადაწყვეტილება, ჩამებარებინა საავიაციო უნივერსიტეტში. მამას გავუზიარე ჩემი სურვილი, რომ მფრინავის პროფესია მინდოდა შემესწავლა, მან ერთადერთი რამ მითხრა: რთულ პროფესიას ეჭიდები, ბევრი შრომა მოგიწევს და შეეცადე ყველაფერი გააკეთო ბოლომდე რომ მიიყვანო ეს საქმეო. სამწუხაროდ, მამა იმ წელს დაიღუპა, როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე. მართლაც ბევრი ვისწავლე, ვიშრომე და აქამდე მოვედი”.
6 წლის განმავლობაში მაგდას უკვე 3000 საათამდე აქვს ნაფრენი. არ ავიწყდება პირველი ფრენის ემოცია როგორც ინსტრუქტორთან ერთად, ისე დამოუკიდებლად, უკვე ავიაკომპანიაში მუშაობის დაწყების შემდგომ. არ ავიწყდება ინსტრუქტორების, კოლეგების, ხომალდის მეთაურების გვერდში დგომა და მხარდაჭერაც.
“არ არის მარტივი პროფესია, ბევრი თეორიული მასალაა ასათვისებელი, პრაქტიკული სწავლების დროს სიფრთხილეა საჭირო, რომ ყველაფერი უსაფრთხოდ შეასრულო. თუმცა როცა პროფესია შენია, ყველაფერი განიჭებს სიამოვნებას: ფრენის დროს ხედები, გამთენიისას მზის ამოსვლა, მზის ჩასვლა, წარმატებული აფრენა და დაფრენა, კმაყოფილი მგზავრები”.
იმ ახალგაზრდებს, ვისაც სურვილი აქვს მომავალი ავიაციას დაუკავშიროს, მაგდა საკუთარი თავის რწმენასა და ბევრ შრომას ურჩევს.
,,აუცილებელია რწმენა, რომ სწორ არჩევანს აკეთებ. მაქსიმალურად მზად უნდა იყო, რომ ბევრი შრომა მოგიწევს, მაგრამ ეს შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს და მაშინ მიხვდები, რომ სწორად იქ ხარ, სადაც უნდა იყო და შენი ადგილი ავიაციაშია”.