საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და დეველოპერული კომპანია აქსისის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი აშენდა.
თბილისის ყველაზე მაღალი შენობა ორი 37 სართულიანი, ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მბრუნავი ცათამბჯენისგან შედგება, რომელთაგან ერთი მინისაა, მეორე კი ქვის. აქსის თაუერსის პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 92 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
მრავალფუნქციურ კომპლექსში განთავსდება საცხოვრებელი ფართები, A კლასის საოფისე ცენტრი, Accor ჯგუფში შემავალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „პულმანი“ (Pullman), რესტორნები 360 გრადუსიანი ხედით თბილისზე, სავაჭრო ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი, საცურაო აუზი და სპა. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 500 ადგილიანი ავტოფარეხის მშენებლობა და საფეხმავლო, რეკრეაციული ზონის მოწყობა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირს აბულაძის ქუჩასთან დააკავშირებს.
დღეის მდგომარეობით, პროექტის მშენებლობის ეტაპზე დასაქმებულია 500-მდე ადამიანი, ხოლო პროექტის დასრულების შემდგომ 800-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.