2021 წლის აპრილში საქართველომ ტურიზმიდან $49.9 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც პანდემიის დაწყების შემდგომ რეკორდული მაჩვენებელია. აპრილში საქართველოში სულ 82,519 საერთაშორისო ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 2020 წელთან შედარებით 140%-ით არის გაზრდილი. 

BM.ge-ს ინფორმაციით, ეს მატება ძირითადად საავიაციო მიმოსვლის გააქტიურების შედეგია, რადგან ვიზიტორთა ნაკადის 40% სწორედ ავიამიმოსვლაზე მოდიოდა. იმას, თუ რა თანხა დახარჯეს ამ ვიზიტორებმა საქართველოში ეროვნული ბანკი ითვლის, რომლის ანგარიშის თანახმადაც, ტურისტულმა შემოსავალმა $49.9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის აპრილის ტურისტულ შემოსავალთან შედარებით 487%-ით მეტია. 

ცალკეულ ქვეყნებს შორის ვიზიტორთა რაოდენობით პირველ ადგილზე თურქეთია, საიდანაც 21 ათასი ვიზიტორი შემოვიდა. 10 ათასი ვიზიტორით მეორე ადგილზეა ისრაელი.

საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა აპრილის განმავლობაში (ტოპ 15 ქვეყანა)

1. თურქეთი – 21,106 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 48%
2. ისრაელი – 10,098 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 13925%
3. რუსეთი – 8,518 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 125%
4. სომხეთი – 8,331 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 4%
5. საქართველო (არარეზიდენტი) – 8,253 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 441%
6. უკრაინა – 5,922 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 404%
7. აზერბაიჯანი – 5,287 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 107%
8. უზბეკეთი – 2,711 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 293%
9. ყაზახეთი – 1,639 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 285%
10. ბელარუსი – 1,463 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 77%
11. ირანი – 1,024 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 611%
12. გერმანია – 657 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 1585%
13. აშშ – 650 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 4233%
14. ინდოეთი – 553 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 55200%
15. გაერთიანებული სამეფო – 490 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 989%

სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 48,455 ვიზიტი სახმელეთო, 33,188 ვიზიტი კი საჰაერო გზით განხორციელდა. საჰაერო გზით შემოსულთა რაოდენობა პანდემიის დაწყების შემდეგ რეკორდულია.

დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ კარგი იქნება თუკი წელს ტურიზმის შემოსავლები 2019 წლის შემოსავლის 25%-ის დონეზე მაინც აღდგება. 

2020 წელს საქართველოში ტურიზმის შემოსავალი 80%-ით შემცირდა, რის შედეგადაც ქვეყანამ 2019 წელთან შედარებით 2.7 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგა. 2021 წლის პირველ 4 თვეში ქვეყანამ ტურიზმიდან მხოლოდ $103.5 მილიონი მიიღო.