უკრაინის თავდაცვის სახელმწიფო კონცერნმა Ukroboronprom-მა, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება ავიამწარმოებელი კომპანია Antonov-ი, კომპანიის გენერალურ დირექტორს სერგეი ბიჩკოვს უფლებამოსილება შეუჩერა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჩკოვისთვის Antonov-ის მენეჯმენტში უფლებამოსილების შეჩერების საფუძველი გახდა სამსახურებრივი გამოძიება. კერძოდ, მედიაში გამოქვეყნებული გარკვეული ფაქტების გადამოწმება.
როგორც ცნობილია რუსმა ოკუპანტენმა გოსტომელის აეროპორტში An-225 Mriya გაანადგურეს. ამის შემდეგ კი Mriya-ს კაპიტანმა დიმიტრი ანტონოვმა განაცხადა, რომ Antonov-ის ხელმძღვანელობა ირიბად არის პასუხისმგებელი უნიკალური თვითმფრინავის დაკარგვაზე, რადგან მან არ ისარგებლა ნატოს შეთავაზებით, დროულად გადაეყვანათ An-225 Mriya უსაფრთხო აეროპორტში. შეგახსენებთ, რომ რუსულმა ოკუპანტებმა მსოფლიოს უდიდესი თვითმფრინავი AN-225 Mriya ააფეთქეს. თვითმფრინავს პირველად თავს 24 თებერვალს დაესხნენ. FlightRadar-ის მონაცემებით, 5 თებერვლის შემდეგ თვითმფრინავი გოსტომელის აეროდრომზე იდგა. 27 თებერვალს კი უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საჰაერო ხომალდი განადგურდა. AN-225-ის სატვირთო კაბინაში შესაძლებელია მოთავსდეს 50 ავტომობილი. მისი წონა ტვირთის გარეშე 250 ტონაა, ხოლო მაქსიმალური დატვირთვით 600 ტონა. საჰაერო ხომალდის საშუალო სიჩქარე 700 კმ/სთ-ია, ხოლო მაქსიმალური – 850კმ/სთ. დღესდღეობით მსოფლიოში მხოლოდ ერთი AN-225 არსებობდა და ის უკრაინული ავიაკომპანია და თავისივე მწარმოებელის Antonov Airlines-ის კუთვნილება იყო.