თურქეთში დღეს მრავალი ანტიკური ქალაქი მდებარეობს, რომლებიც, ფაქტობრივად, შორეულ წარსულში გამოგზაურებთ და სულ სხვა დროში წაგიყვანთ.

 ტროა

ქალაქი ტროა 1998 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს.იგი  მოგეხსენებათ, მსოფლიოს ყველაზე განთქმულ ანტიკურ ქალაქს წარმოადგენს და მრავალი ლეგენდა არსებობს მის შესახებ. ზოგიერთები მას “გმირობის, სიყვარულის და ცივილიზაციის აკვანს“ უწოდებენ. ქალაქი ოპლიმპოს მთის კალთებზე მდებარეობს და მისი ისტორია ძვ.წ 3000-იანი წლებიდან იწყება.

სწორედ ამ ქალაქზე საუბრობს ჰომეროსი თავის უკვდავ ილიადას ლეგენდაში, ხოლო ერთი სხვა მითოლოგიის მიხედვით კი, მსოფლიოში პირველი სილამაზის კონკურსიც აქ გამართულა, რომლის მონაწილენიც  ჰერა, აფროდიტე და ათენა ყოფილან. აფროდიტე კონკურსის ხელმძღვანელს,  განთქმულ მწყემს პარისს, სპარტის მეფის ქალიშვილის, ელენას შერთვას ჰპირდებოდა და მანაც  ყველაზე ლამაზ ქალად  აფროდიტე აირჩია.  ამის შემდეგ პარისი ელენას გაიტაცებს და ტროას შეაფარებს თავს, რაც სათავეს დაუდებს მრავალწლიან ომს აქაველებსა და ტროელებს შორის. ომში კი ხან ერთი მხარე იმარჯვებდა, ხან მეორე.

როდესაც ტროას ეწვევით, აუცილებლად უნდა ნახოთ ტროას მუზეუმი, რომელიც ქალაქის შესასვლელთან მუშაობენ.  ტროას მუზეუმი, სადაც უამრავი უძველესი დროის ექსპონატია განთავსებული,  ასახავს ტროას მთელ ისტორიასა და კულტურას .

ძველესი ქალაქი ეფესო

კიდევ ერთი ცნობილი უძველესი ქალაქი თურქეთში ეგეოსის რეგიონში არის ეფესო, რომელიც 2015 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ვისაც ისტორია გაინტერესებთ და ძველი რომაულ-ბერძნული კულტურა, მაშინ უნდა ეწვიოთ ამ ქალაქს, რომელსაც ყოველწლიურად მრავალი ტურისტი ჰყავს.  ეფესო იყო უძველესი ბერძნული და მოგვიანებით, რომაული ქალაქი მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე, დღევანდელ თურქეთში, იზმირის პროვინცია სელჩუკის მახლობლად. კლასიკურ ბერძნულ ხანაში ის წარმოადგენდა იონთა ლიგის თორმეტი ქალაქიდან ერთ-ერთს. რომაულ პერიოდში ეფესო მრავალი წლის განმავლობაში რომის იმპერიის სიდიდით მეორე ქალაქი იყო და თავისი რანგით მხოლოდ იმპერიის დედაქალაქს, რომს ჩამოუვარდებოდა. ეფესოს მოსახლეობა ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში 250000-ს აღემატებოდა, რის გამოც, ის მსოფლიოშიც მეორე უდიდეს ქალაქად მიიჩნეოდა.

ქალაქი განთქმული იყო არტემიდას ტაძრით (დასრულდა ჩვ.წ.აღ-მდე 555 წელს), რომელიც უძველესი სამყაროს შვიდ საოცრებიდან ერთ-ერთს  მიეკუთვნებოდა. ტაძარი საბოლოოდ განადგურდა იოანე ოქროპირის მიმდევრების მიერ, ჩვენი წელთაღიცხვით 401 წელს. იმპერატორმა კონსტანტინე პირველმა ქალაქის დიდი ნაწილი ხელახლა ააშენა და აღმართა ახალი საჯარო აბანოები. ეფესო ნაწილობრივ კვლავ დაინგრა მიწისძვრის შედეგად ჩვენი წელთაღრიცხვით 614 წელს. ქალაქის, როგორც კომერციული ცენტრის მნიშვნელობა თანდათანობით შესუსტდა მას შემდეგ, რაც მდინარე კეისტროსმა დატბორა ნავსადგური .

ეფესო წარმოადგენდა აზიის შვიდ ეკლესიათაგან ერთ-ერთს. იგი ასევე ის ადგილია, სადაც ძველად მდებარეობდა გლადიატორთა დიდი სასაფლაო. ყოველ წელს ეფესოს მრავალი ვიზიტორი ჰყავს, ამიტომ არ გამოტოვოთ ეს ისტორიული საოცრება და ისიამოვნეთ შორეული წარსულით.

იერაპოლისი

იერაპოლისი დაარსდა პერგამონის სამეფოს დროს. გარდა ზღაპრული თეთრი აუზებისა და ტრავერტინების მომხიბვლავი სურათებისა, რომელთა ჩამოყალიბებასაც ათასობით წელი დასჭირდა, ქალაქი უძველესი დროიდან სამკურნალოდ გამოიყენებიდა.  იერაპოლისი, ანუ ქალაქი ფამუქკალე, რომელიც დღეს დენიზლიში მდებარეობს, ელინისტური პერიოდიდან დაწყებული ყოველთვის მნიშვნელოვანი და პოპულარული ქალაქი იყო. ის არის წამყვანი ელინური ქალაქი ხელოვნებისა და ტურიზმის სფეროში. ქალაქში მრავალი ტაძარია აგებული , რომლებიცაა მაგალითად, კიბელეს, აპოლონის, დიონისეს და სხვა ღმერთების სახელზე  აგებული. ამიტომ, მას უწოდებენ „იერაპოლისს“ , რაც პირდაპირი გადმოთარგმნით  ნიშნავს „წმინდა ქალაქს“.

ასპენდოსი

ასპენდოსი, რომელიც დღეს მდებარეობს ანტალიის რაიონში სერიკში, დაარსდა მდინარე ქოფრუჩაის მახლობლად, რომელიც უზრუნველყოფდა ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელს. ქალაქი მოკლე დროში განვითარდა და ხმელთაშუაზღვისპირეთში ვაჭრობის მნიშვნელოვან ცენტრად  გადაიქცა.

ძვ.წ. II საუკუნეში აშენებული  ასპენდოსის ანტიკური თეატრი საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენებოდა. ლეგენდის თანახმად,  არქიტექტორი, ზენონი თეატრს, თავისი რჩეულის მამისთვის თავის მოსაწონებლად ააშენა. მამამ არიტექტურით მოიხიბლა და წყვილს ქორწინების ნება დართო.    ამჟამად, თეატრის ზედა ნაწილზე მაყურებლისთვის  21, ხოლო ქვედა ნაწილზე 20 დასაჯდომი რიგია. სელჩუკების დროს თეატრი საცხოვრებლად გამოიყენებოდა. სულთან ალაედდინ ქეიქუბათმა  თეატრის ერთი ნაწილი კოშკად გადააკეთებინა. დღეისათვის კი  ანტიკურ თეატრში „ასპენდოსის ოპერისა და ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი“  და სხვადასხვა საერთაშორის მასშტაბის კონცერტები იმართება.

აღსანიშნავია, რომ ასპენდოსის ანტიკურ თეატრში 13-30 სექტემბერს გაიმართება მასშტაბური ფესტივალი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნიდან ეყოლება  მნახველები .