პორტუგალიის ჩარტერული ავიაკომპანია HiFly გახდა პირველი ავიაკომპანია, რომელმაც გრძელმაგისტრალური Airbus A340-ით ანტარქტიდის მიმართულებით რეისი განახორციელა. თვითმფრინავი Wolf’s Fang Runway-ზე დაეშვა, რომელიც მყინვარზეა აგებული და მისი ზედაპირი მთლიანად ყინულითაა დაფარული. 

ყინულოვან ასაფრენ/დასაფრენ ბილიკს C დონის აეროპორტის სტატუსი აქვს, მაგრამ ტექნიკურად ის არ არის აეროპორტი, რადგან რთული ბუნებრივი პირობების გამო აქ მხოლოდ სპეციალურად მომზადებულ ეკიპაჟებს შეუძლიათ ფრენა.

ასაფრენი ბილიკის გასწვრივ ღარები იჭრება სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით. ტერიტორიის გასუფთავების შემდეგ, მისი გამოყენება შესაძლებელია თვითმფრინავების მისაღებად.

აღნიშნულია, რომ დღემდე 3 კმ-იან ასაფრენ/დასაფრენ ბილიკზე Airbus A340-ის ზომის თვითმფრინავი არ დამჯდარა, რადგანაც როგორც წესი ანტარქტიდაში პატარა ზომის თვითმფრინავები დაფრინავენ.

Airbus A340 ანტარქტიდაში სამხრეთ აფრიკის კეიპტაუნიდან ჩაფრინდა. ფრენა დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდა. საერთო ჯამში, თვითმფრინავმა დაახლოებით 4630 კმ. დაფარა.

ბორტზე, ტურისტების გარდა, 23 მგზავრი იმყოფებოდა. თვითმფრინავის უმეტესი ნაწილი დატვირთული იყო სხვადასხვა სახის პროდუქტებით.