რა თქმა უნდა ზღვისპირას დასვენება და კურორტების არჩევა ერთ-ერთი ხშირად განხილვადი საგანია.საქართველოსთან ახლომდებარე ქვეყნებს შორის თურქეთის ზღვის კურორტები ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. თუ ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტიათ თურქეთის რომელ ზღვისპირა კურორტზე შეაჩეროთ არჩევანი „ბონ ვოიაჟი“ წარმოგიდგენთ ხმელთაშუა სანაპიროს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ კურორტს, რომელიც საკმაოდ პოპულარულია ტურისტებში.
ანტალია სიდიდით მეხუთე ქალაქია თურქეთში. ტურისტები უფრო მის საკურორტო ზონაში ისვენებენ , ვიდრე თვითონ ქალაქში. საკურორტო ზონა რამდენიმე ნაწილად, სანაპიროდ იყოფა: სიდე, ალანია, ქემერი და ბელეკი. ანტალიის კურორტები გამოირჩევა ხალხმრავლობით, ხმაურიანი ღამეებითა და მრავალფეროვანი გასართობი პროგრამებით, ამიტომ კურორტი ძირითადად ორიენტირებულია ახალგაზრდებზე და აქტიურ ტურისტებზე.
ანტალიის ტერიტორიაზე ორი ტიპის სანაპიროა – ქვიანი და ქვიშიანი. ყველა თურქული პლაჟი სახელმწიფოს საკუთრებაშია და ტურისტებისათვის უფასოა. ანტალიის ყველაზე პოპულარულ სანაპიროდ შეიძლება დავასახელოთ „Konyaaltı“, რომელიც იმავე სახელწოდების რაიონის მიმდებარედ არის განლაგებული. მიუხედავად იმისა, რომ პლაჟზე მისვლა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია , აქ მაინც არის ფასიანი ზონები.
ამინდი ანტალიაში
ზაფხულში ანტალიაში ჰაერის ტემპერატურამ შეიძლება +35 გრადუსს მიაღწიოს, თვითონ ხმელთაშუა ზღვა კი ანტალიის სანაპირო ზონაში +25 გრადუსზეა, ამიტომ აქ ბანაობა ძალიან სასიამოვნოა. სხვათა შორის, ანტალია ზამთრის პერიოდშიც პოპულარულია. დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით, როდესაც თურქეთში საკმაოდ ცივა, ანტალიიდან 50 კილომეტრის დაშორებით სათხილამურო კურორტი იხსნება. ის მდებარეობს მთაზე, ზღვის დონიდან 2,250 მეტრის სიმაღლეზე.
რატომ ანტალია?
საუკეთესო სერვისის მქონე კომფორტული სასტუმროები მხოლოდ იმაზე მუშაობენ, რომ ტურისტებმა მაქსიმალურად კარგად დაისვენონ და განერიდონ ყოველდღიურ პრობლემებს. აქ სავაჭრო ცენტრების უდიდესი არჩევანია, რაც ანტალიას თურქეთის შოპინგ-დედაქალად აქცევს. თურქეთი შედის იმ რამდენიმე ქვეყნის სიაში, რომელიც ნებისმიერ მსურველს ხარისხიან და ხელმისაწვდომ ფასად დასვენებას სთავაზობს.