პორტალ Aviation24.be-ს მონაცემებით, ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტმა (AMS) 2025 წლის ნოემბერში მგზავრების რაოდენობისა და სატვირთო გადაზიდვების მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირა.
ნოემბერში აეროპორტმა 5 მილიონ მგზავრს უმასპინძლა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია.
მგზავრების უმეტესობა (3.5 მილიონი) ევროპის ფარგლებში მოგზაურობდა. ყველაზე მოთხოვნადი ქვეყნები იყო დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და იტალია. კონტინენტთაშორისო რეისებით კი 1.5-მა მილიონმა ადამიანმა ისარგებლა (მთავარი ბაზარი კვლავ აშშ-ია).
სულ შესრულდა 36 845 რეისი, რაც წინა წელთან შედარებით 3%-იანი ზრდაა.
გადაზიდული ტვირთის მოცულობა 2%-ით გაიზარდა და 125 744 ტონა შეადგინა. ზრდა ძირითადად აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებებზე დაფიქსირდა.
ეს მონაცემები ადასტურებს, რომ სხიპჰოლი რჩება ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საავიაციო ჰაბად. მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდებში აქტიურად მიმდინარეობს დებატები ფრენების რაოდენობის შესაძლო შეზღუდვაზე გარემოს დაცვის მიზნით, აეროპორტი მაინც განაგრძობს ზრდას.












