ავტომობილების გაქირავების გლობალური კომპანია Sixt-ი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის პარტნიორი გახდა.
ამიერიდან “ლოუკოსტერის” საიტზე ბილეთის დაჯავშნისას ავტომობილის დაქირავებაც იქნება შესაძლებელი. სერვისი ხელმიწავდომია როგორც ავიაკომპანიის საიტზე ასევე მობილურ აპლიკაციაშიც.
მომხმარებლებისათვის Sixt-ის ავტოპარკი ხელმისაწვდომია მსოფლიოს 44 ქვეყანაში. Sixt-ი კლიენტებს სხვადასხვა ფასის სერვისს სთავაზობს. ავტომობილის დაქირავების მსურველს შესაძლებლობა აქვს დაიქირაოს მსუბუქი ავტომობილიდან დაწყებული სპორტული კაბრიოლეტით დასრულებული სატრანსპორტო საშუალებები.
“ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენს მომხმარებელს, მისაღები ფასებით, მაღალი ხარისხის სერვისი შევთავაზოთ – ჯავშნის დაწყებიდან მოგზაურობის დასრულებამდე”, აცხადებს Wizz Air-ის აღმასრულებელი დირექტორი იოზეფ ვარადი.
რაც შეეხება კომპანია Sixt-ს, მისი შტაბ-ბინა გერმანიაშია განთავსებული და კომპანია ბაზარზე 1912 წლიდან ოპერირებს.
კომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, Sixt-ის სერვისი ხელმისაწვდომია საქართველოშიც. კერძოდ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.