საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტუროპერატორებსა და „Forbes Magazine”-ის ჟურნალისტს მასპინძლობს. საქართველოში ინფოტური ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობით შედგა.
ტურის ფარგლებში ამერიკული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები თბილისის ტურისტულ ადგილებს გაეცნენ, შეხვედრები გამართეს ქართველ ტუროპერატორებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ესტუმრნენ ქუთაისს და კურორტ საირმეს, სადაც სტუმრებმა იმერეთის მიმზიდველი ადგილები მოინახულეს და ადგილობრივ გასტრონომიას გაეცნენ. იმერეთის რეგიონის შემდეგ ტურის მონაწილეები კახეთში გადაინაცვლებენ, ეწვევიან წინანდალს, სიღნაღსა და ლოპოტას, სადაც კულტურულ ძეგლებს და ღირსშესანიშნავ ნაგებობებს დაათვალიერებენ, მონაწილეობას მიიღებენ მასტერკლასებში, ესტუმრებიან მარნებს და ადგილზე ქართულ ტრადიციულ ღვინოსა და კერძებს დააგემოვნებენ. ინფო ტურის ფარგლებში „Forbes Magazine” საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას მოამზადებს.
ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ინფოტურის მოწყობის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
„საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან 10-მდე წამყვანი ტურისტული კომპანია ეწვია, ისინი საქართველოში დარჩებიან თითქმის 1 კვირის განმავლობაში და შეხვდებიან ქართველ პარტნიორებს. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოივლიან რეგიონებს, ტურისტულად მნიშვნელოვან რეგიონებს და გაეცნობიან საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და კულტურას. მათ ახლავთ „Forbes“-ის ჟურნალისტი, რომელიც მოგვიანებით ამ შეხვედრების შესახებ მოამზადებს სტატიას, დაწერს იმის შესახებ თუ როგორი საინტერესოა ამერიკული ბაზრისთვის საქართველო, საქართველოს ტურისტული პოტენციალი და სტუმარმასპინძლობა“,-განაცხადა მაია ომიაძემ.
„საქართველოში პირველად ვარ, დღეს ჩვენ გვქონდა B2B ფორმატში შეხვედრები ტურისტულ კომპანიებთან, სადაც გავეცანით ამ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას. ჩვენ ვმუშაობთ როგორც ამერიკულ, ასევე ესპანურ ტურისტულ ბაზრებზე, პრეზენტაციაზე გავეცანით, თუ რა შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს, რომ დაინტერესდნენ საქართველოთი. ვფიქრობ შესაძლებელია მალე დავიწყოთ კომბინირებული ტურების მოწყობა საქართველოში, თქვენ გაქვთ ძალიან კარგი მარნები, გემრიელი ღვინო, საქართველოში შესაძლებელია ფრინველებზე დაკვირვება, აქ ნახავთ მონასტრებს. ეს ძალიან საინტერესო და განსხვავებული ტურისტული მიმართულებაა. მოხარული ვარ, რომ შევხვდი სერვისის მომწოდებლებს, გავეცანი მათ შეთავაზებებსა და პროდუქტებს და იმედია მალე დავიწყებთ თანამშრომლობას“-აცხადებს გარდიო ნიუ-იორკის ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ალეჰანდრო გარდიო.
საინფორმაციო ტურის მიზანია საქართველოს ცნობადობის ამაღლება როგორც ამერიკულ, ასევე დასავლეთის ქვეყნების ტურისტულ ბაზარზე და ტურისტთა ახალი ნაკადების მოზიდვა.