ამერიკულმა ავიაკომპანია JetBlue Airways-მა, რომელიც ბრაზილიური თვითმფრინავების, Embraer E190-ის ერთგული მომხმარებელი იყო, ამ მოდელის თვითმფრინავით ბოლო რეისი შეასრულა. ამის შემდეგ კომპანიის ფლოტი მთლიანად ევროპული წარმოების თვითმფრინავებით დაკომპლექტდა.
JetBlue ბრაზილიურ თვითმფრინავებს 20 წლის განმავლობაში იყენებდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ E190-მა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ავიაკომპანიის მარშრუტების ქსელის გაფართოებაში.
ავიაკომპანიამ E190-ის ახალი, ევროპული Airbus A220-ით ჩანაცვლება ჯერ კიდევ 2018 წელს დაანონსა. ამჟამად, კომპანიის ავიაპარკი Airbus-ის ოჯახის ორ მოდელს – A320-სა და A220-ს აერთიანებს.
ამ ეტაპზე, JetBlue-ს ასი შეკვეთილი A220-300-დან 52 უკვე მიღებული აქვს. ამასთან, კომპანიის ფლოტი A320-ის ოჯახის 200-ზე მეტ თვითმფრინავს ითვლის.
მიუხედავად ამისა, ბრაზილიურ Embraer-ს ამერიკულ ბაზარზე წარმატება ელის: ავიამწარმოებელმა ახალი თაობის E2 ტიპის თვითმფრინავები ამერიკულ Avelo Airlines-ს მიჰყიდა. კონტრაქტის ფარგლებში, ავიაკომპანიამ 50 ერთეული E195-E2 შეიძინა და დამატებით 50-ის შეძენის უფლებაც მოიპოვა.