საქართველოს მთავრობამ ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის ტერიტორიის შესწავლა დაიწყო. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, ხელისუფლების გეგმა, თბილისი აეროპორტის 2050 წლამდე განვითარების ხედვის არსებობაა, ხოლო არსებულ ტერიტორიაზე სივრცე შეზღუდულია.
“ჩვენთვის აეროპორტი ძალიან მნიშვნელოვანია. აეროპორტი არის კარიბჭე, ქვეყნის სახე. შესაბამისად, ამბიციები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით, ბევრად აღემატება იმ შესაძლებლობებს, რომელიც ამ აეროპორტს აქვს. თბილისის აეროპორტში ჩვენი გათვლა შემდეგი 10 წლის განმავლობაში, 10 მლნ მგზავრზე მეტია. აეროპორტის განვითარება გრძელვადიან პერიოდზე იგეგმება. ჩვენი გეგმა, თბილისი აეროპორტის 2050 წლამდე განვითარების ხედვის არსებობაა.
არსებულ ტერიტორიაზე სივრცე შეზღუდულია, მას აქვს გაფართოების შესაძლებლობა, მაგრამ როდესაც გრძელვადიან პერიოდზეა საუბარი, ამას ვერ უპასუხებს.
ამიტომ დავიწყეთ ახალი ლოკაციის შესწავლა. არ მინდა დეტალებში შევიდე, შეიძლება ამით საკითხი დავაზიანოთ. მიმდინარეობს მუშაობა აეროპორტების გაერთიანების მხრიდან ახალი ლოკაციის დეტალურ შესწავლაზე (მათ შორის ნავიგაციის კუთხით უკვე ჩატარებულია შესწავლა), რათა დავიწყოთ აეროპორტის განვითარება. ეს არ არის მარტივი პროცესი.
TAV-თან ხელშეკრულება 2027 წლის დასაწყისამდე გვაქვს. ეს ოპერატორი კომპანიაა. ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანამ თვითონ განავითაროს აეროპორტი. კრიტიკული ინფრასტრუქტურის სახელმწიფო საკუთრებაში ყოფნა აუცილებელია კონკურენტული გარემოს შენარჩუნებისთვის, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ოპერირების ნაწილში გვყავდეს პროფესიონალი კომპანიები, როგორიცაა TAV-ი. ამიტომ ეს შეიძლება იყოს TAV-ი, ან სხვა კომპანია, რომელიც ღია კონკურენციის პირობებში შეირჩევა”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.