მიმდინარე კვირაში გადაწყდება 23 მაისიდან პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება თუ ახალი NOTAM-ი გამოიცემა და შეზღუდვის კიდევ გახანგრძლივდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე “ბიზნეს პარტნიორთან” საუბრისას განმარტავს, რომ შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში საჰაერო ფრენების მყისიერი აღდგენა არ მოხდება.
“ჩვენ ველოდებით, რომ გადაწყვეტილება აღდგენასთან დაკავშირებით იქნება ეტაპობრივი. არ ველოდებით, რომ იქნება მყისიერი აღდგენა, იქედან გამომდინარე რომ სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. მიმდინარე კვირაში გადაწყდება გაგრძელდება თუ არა ეს შეზღუდვები, ან რა მიმართულებით იქნება გახსნა საჰაერო მიმოსვლის”, აცხადებს ლევან კარანაძე.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატი გაიმართება.
“COVID-19-ის პანდემიამ ისეთი გავლენა მოახდინა ავიაციის სექტორზე, რომლის მსგავსიც კომერციული ავიაციის დარგს არ ახსოვს. სხვადასხვა შეფასებების თანახმად წელს საავიაციო ინდუსტრიის მიმართ უზარმაზარი ზარალი იქნება. განიხილება რამდენიმე სცენარი. უარესი სცენარის მიხედვით, ამ დროისათვის რაც დაანგარიშებულია, ზარალი შესაძლოა იყოს 270 მლრდ დოლარის ფარგლებში. ბუნებრივია ჩვენ ვართ რა გლობალური პროცესების მონაწილე გვერდს ვერ აგვივლიდა მსგავსი კრიზისი და საქართველოშიც საავიაციო ინდუსტრია დიდი დარტყმის ქვეშ მოექცა. ამ ეტაპისთვის ფრენები შეჩერებულია 22 მაისის ჩათვლით. როდესაც საუბარია განახლებაზე, პროცესები დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განვითარდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, როგორც საქართველოში ისე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში. იმისათვის რომ ორმხრივი სამგზავრო პირდაპირი რეგულარული რეისები აღდგეს, ამისათვის საჭირო იქნება იმ წინაპირობების დაცვა – ტექნიკური დეტალების გაწერა და პროტოკოლების შემუშავება – რაც აუცილებელია უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფისათვის”, განაცხადა ლევან კარანაძემ.