სასტუმრო Courtyard by Marriott-ში, რომელიც ბათუმში მშენებარე Alliance Palace-ში განთავსდება სასტუმრო ნომრების რაოდენობა 50%-ით იზრდება. მშენებლობის ექსპლუატაციაში შესვლის ვადების გადაწევის თხოვნით აჭარის მთავრობას ინვესტორმა, კომპანია „ალიანსმა“ მიმართა, რაც თავის მხრივ პროექტის მასშტაბებს ზრდით არის განპირობებული.

როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, მათ წერილით მიმართა შპს „ალიანსმა“, სადაც  აღნიშნულია, რომ 2015 წელს Marriott International Design & Construction Services, Inc.-თან ხელი მოეწერა ფრენჩაიზინგის ხელშეკრულებას ქ. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩა N5-ში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის სასტუმროს ნაწილში საერთაშორისო ბრენდის სტატუსის მქონე ოპერატორის Courtyard by Marriott-ის შემოყვანაზე.

კომპანიის განმარტებით, კონტრაქტი ითვალისწინებს შენობა-ნაგებობის ყველა ზონაში პირველი ხარისხის მასალების გამოყენებას, აგრეთვე იმ ნაწილებში, რომლებიც არ იქნება სასტუმროს სივრცეებში გაერთიანებული, ორგანიზებული მართვის მიზნით, მაინც ბრენდთან შეთანხმებული კომპანიისათვის მართვაში გადაცემას.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე საჭირო გახდა პროექტის არქიტექტურულ და კონსტრუქციულ ნაწილებში ცვლილებების შეტანა და საერთაშორისო ოპერატორთან შეთანხმება, შეიცვალა შენობა-ნაგებობის შიდა გეგმები და ჭრილები, დიზაინ კონცეფცია, გარე და შიდა მოპირკეთების მასალები.

ინვესტორი პროექტში ხელშეკრულებით გათვალისწინებული 30 000 000 ლარის ნაცვლად, გეგმავს მინიმუმ 60 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას. ასევე, კონტრაქტორის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სასტუმრო ნომრების 100-დან არანაკლებ 150-მდე გაზრდის შესახებ.

შესაბამისად, ეს გარემოებები იწვევს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის სასტუმროს ნაწილის დიზაინ კონცეფცეფციაში, ხარჯთაღრიცხვაში, სამშენებლო მასალების მოწოდების ვადებში და სასტუმროს ამოქმედების ვადების გრაფიკის ცვლილებებს.

ახალი პირობები, რომელზედაც აჭარის მთავრობამ უკვე იმსჯელა ასე გამოიყურება:

სახელმწიფოსა და „ალიანსს“ შორის დადებული ხელშეკრულების გაფორმებიდან 52 თვის განმავლობაში ინვესტორმა უნდა დაასრულოს მრავალფუნქციური დანიშნულების შენობა-ნაგებობის მშენებლობა და ექსპლუატაციაში (გარდა სასტუმროს და პარკინგის) შეიყვანა.

ასევე, არაუგვიანეს 2020 წლის 1-ელ აგვისტომდე უნდა მოხდეს, მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობიდან არანაკლებ 150 სასტუმრო ნომრის ფუნქციონირებისათვის საჭირო ფართის დარეგისტრირება ცალკე საკადასტრო ერთეულად. ასევე სასტუმროს ექსპლუატაციაში  მიღება და საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს ამოქმედება.

იმავდროულად, ინვესტორი მინიმუმ 1 500 კვ.მ-ზე მოაწყობს ასევე მიწისქვეშა ავტოპარკინგს და საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთიდან არანაკლებ 500 კვ.მ მიწის ფართობზე განათავსებს სარეკრეაციო ზონას (სკვერი, პარკი).