ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციისა (ECAC) და ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონალური ბიუროს ეგიდით, ქალაქ მილანში ავიაკატასტროფის მსხვერპლთა და მათი ოჯახების დახმარების შესახებ რეგიონალურ სემინარი გაიმართა. ერთობლივ ღონისძიებაზე, 29 სახელმწიფოს ოთხმოცამდე წარმომადგენელმა ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისთვის სათანადო დახმარების გაწევის და გადარჩენილთა მხარდაჭერის მექანიზმები განიხილეს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე გაჩეჩილაძემ და გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ირაკლი ბაქრაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების, ევროპის რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების და საავიაციო შემთხვევების მომკვლევი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს ავიაკატასტროფების მსხვერპლთა, გადარჩენილთა და მათი ოჯახებისთვის დახმარების აღმოჩენის საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოზე, მისი შემდგომი გაუმჯობესების შესაძლებლობებზე, აღნიშნული მიმართულებით ქვეყნებში არსებულ პრაქტიკაზე და გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ სახელმწიფოების მიერ შევსებულ სპეციალურ კითხვარებზე და სემინარზე მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაგრძელდება მუშაობა მსხვერპლთა და მათი ოჯახების საჭიროებების უკეთ დასაკმაყოფილებლად.
სემინარზე მოისმინეს ქართული მხარის გამოცდილება მგზავრთა და მესამე პირთა უფლებების დაცვის კუთხით. სააგენტოს წარმომადგენელმა მონაწილეებს გააცნო ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ევროპული რეგულაციის (2027/97) შესაბამისად მიიღო. აღინიშნა, რომ ავიაკომპანიებისთვის სადაზღვევო მოთხოვნების და სათანადო კომპენსაციის გაცემის მექანიზმის შემოღებით, მგზავრთა და მათზე დამოკიდებული პირთა უფლებები მგზავრის გარდაცვალების შემთხვევაში, საქართველოში დაცულია იმავე სტანდარტებით, რაც მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში.
ECAC-ICAO EUR/NAT ერთობლივი რეგიონალური სემინარის მსვლელობისას, შეხვედრა შედგა სააგენტოს დირექტორის მოადგილესა და ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონალური ბიუროს დირექტორს შორის, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა ისაუბრეს რეგიონის სახელმწიფოებისთვის მგზავრთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებზე. ღონისძიების ფარგლებში გაცნობითი შეხვედრა გაიმართა ასევე იტალიის საავიაციო ხელისუფლების პირველ პირთან.