ავიაკომპანია Alaska Airlines-მა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომ სამუდამოდ ამოიღოს თავისი ფლოტიდან ის Boeing 737 MAX 9, რომელსაც 2024 წლის იანვარში ფრენისას კარის პანელი მოსძვრა. მიუხედავად იმისა, რომ ხომალდი ტექნიკურად გამართულია, ავიაკომპანიამ ის მწარმოებელს უკან მიჰყიდა. ექსპერტების აზრით, ეს ნაბიჯი პირველ რიგში მგზავრებისა და ეკიპაჟის ფსიქოლოგიურ კომფორტს უკავშირდება, რადგან „დაწყევლილი“ ხომალდის ექსპლუატაციაში დატოვება კომპანიის რეპუტაციასა და ნდობაზე უარყოფითად იმოქმედებდა.
დაზიანებული თვითმფრინავის სანაცვლოდ Alaska Airlines-მა Boeing-ისგან უფრო დიდი და ტევადი მოდელი, Boeing 737 MAX 10 შეუკვეთა, რაც კომპენსაციის ნაწილად განიხილება. Boeing-მა ავიაკომპანიას უკვე გადაუხადა 160 მილიონ დოლარზე მეტი მომხდარი ინციდენტის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. თავად ინციდენტის მონაწილე ხომალდი ამჟამად მწარმოებლის მფლობელობაშია და მისი მომავალი ბუნდოვანია – შესაძლოა ის სხვა კლიენტზე გასხვისდეს ან სათადარიგო ნაწილებად დაიშალოს.












