ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, რეგიონის ტურისტული სექტორი კოლოსალურ ზარალს განიცდის. კრიზისი განსაკუთრებით მწვავედ აისახა არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, სადაც ათასობით ავიარეისი გაუქმდა, დუბაის აეროპორტი კი, რომელიც გასულ წელს 95.2 მილიონ მგზავრს მოემსახურა, პარალიზებულია.

სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელი ჩვეული დონის 15–20%-მდე დაეცა. მხოლოდ ომის პირველ თვეში 226,5 ათასზე მეტი ჯავშანი გაუქმდა. მასშტაბური კონფერენციები და ღონისძიებები განუსაზღვრელი ვადით გადაიდო, რის გამოც სასტუმროების პერსონალი იძულებით უხელფასო შვებულებაში გაუშვეს ან სამუშაო საათები შეუმცირეს. შექმნილი ვითარების გამო, დუბაის ხელისუფლებამ ბიზნესის დასახმარებლად 272 მილიონი დოლარი გამოყო და ტურისტული მოსაკრებლის აკრეფა დროებით შეაჩერა.

Tourism Economics-ის მონაცემებით, თუ კონფლიქტი არ დარეგულირდება, 2026 წელს რეგიონში უცხოელი ტურისტების ნაკადი შესაძლოა 11–27%-ით შემცირდეს, რაც მკვეთრად ეწინააღმდეგება დეკემბრის პროგნოზს, რომელიც 13%-იან ზრდას ვარაუდობდა.

უარეს შემთხვევაში, ახლო აღმოსავლეთი 23–38 მილიონამდე ტურისტს დაკარგავს, ხოლო ტურისტული დანახარჯების შემცირებით გამოწვეული პირდაპირი ზარალი 34-დან 56 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.