საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებით, ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა დაძაბულმა ვითარებამ საავიაციო საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რაც პირდაპირ აისახება სამგზავრო გადაყვანების ტარიფების მატებაზე. ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, უილი უოლშმა, 2026 წლის თებერვლის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ მიუხედავად მგზავრთა ნაკადის 6.1%-იანი ზრდისა, ინდუსტრია დიდი გაურკვევლობის წინაშე დგას. საწვავის გაძვირება, შეზღუდული რესურსები და დაბალი რენტაბელობა ავიაკომპანიებს აიძულებს, გადახედონ მარშრუტებსა და ფასების პოლიტიკას, რის გამოც მარტის თვისთვის დაგეგმილი გამტარუნარიანობის ზრდის ტემპი 5%-დან 3.3%-მდე შემცირდა.
თებერვლის თვეში საჰაერო გადაყვანების ბაზარზე რეკორდული დატვირთვის მაჩვენებელი, 81.4% დაფიქსირდა, თუმცა კონფლიქტის ზონასთან დაკავშირებული რისკები პროგნოზირებას ართულებს. პარალელურად, სატვირთო გადაზიდვების სექტორში 11.2%-იანი ზრდა შეინიშნება, თუმცა აქაც მთავარ გამოწვევად საწვავის დეფიციტი და სპარსეთის ყურის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ჰაბების მუშაობის შეფერხება რჩება. IATA-ს ხელმძღვანელობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ინდუსტრიის სტაბილურობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კონფლიქტის დროული მოგვარება და საწვავის ბაზრის დასტაბილურება, რადგან არსებული ვითარება სერიოზულ ზეწოლას ახდენს როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო ავიაციაზე მთელ მსოფლიოში.












