„მაღალ სეზონზე შეწყვეტილი ფრენები ასობით ათასი ლარის დაკარგვის პირდაპირპროპორციული იყო, მაღალი სეზონი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია ტურისტულ სეგმენტში მომუშავე კომპანიებისათვის”, აცხადებს კომპანია “ინტერმაისის“ ხელმძღვანელი ნია ოძელაშვილი. მისი თქმით, ზაფხულის რეისების გაუქმება იყო უმწვავესი დარტყმა დარგისთვის.
“ძალიან რთული იყო დღეში 10-მდე რეისების გაუქმება, არავისთვის ახალი არ არის ის ფაქტი რომ ზაფხულის რეისების გაუქმება იყო უმწვავესი დარტყმა დარგისთვის რამაც ძალიან დიდი ფინანსური დანაკლისი მოგვაყენა, მთელი წელი წინასწარ და სრულად გაწერილია, მათ შორის რამდენიმე თვით ადრე გადმორიცხულია მომსახურების ღირებულება, მთელ რიგ შემთხვევებში მოგვიხდა გაუქმებული ჯავშნების შედეგად თანხების უკან დაბრუნება.
თუმცა მოხდა სწრაფი რეაგირება, როგორც კერძო სექტორის ასევე მთავრობის მიერ. სწრაფად მოხდა ბაზრების დივერსიფიკაცია და საბოლოო ჯამში მიღებული ზარალი მეტნაკლებად დააბალანსა ევროპიდან შემოსულმა ტურისტებმა, გამოვყოფდი გერმანიას, ჰოლანდიას, საფრანგეთს. მიუხედავად ყველაფრისა, ამ დროისთვის ვმუშაობთ გამოსავალ გზებზე. ახლა მთავარია მოვემზადოთ მომავალი წლისთვის და მოვარგოთ ჩვენი ტურისტული სერვისები ახალი ბაზრების მოთხოვნებს“ – ასეთ შეფასებას აკეთებს ტურისტული კომპანია “ინტერმაისის“ ხელმძღვანელი ნია ოძელაშვილი რუსეთის მიერ საავიაციო შეზღუდვების დაწესების შემდეგ ტურიზმის სექტორში შექმნილ ვითარებაზე.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ოქტომბრის პერიოდის მონაცემებით, საქართველოში 782 670 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.8%-ით აღემატება. საერთაშორისო ვიზიტორთა განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 665 055 შეადგინა, რაც 8.8%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 438 805-ს გაუტოლდა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 7.8%-ით აღემატება.
რაც შეეხება 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელს, 10 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა საქართველოში პირველად ისტორიულ 8 მილიონს გადააჭარბა და 8 020 230 შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ია.
საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6 647 866 შეადგინა (ზრდა 6.2%-ია), ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ – 4 429 601 (ზრდა 6%).
2019 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან 118 252 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 21 114 ვიზიტით ანუ 15.2%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მათ შორის, ტურისტული ვიზიტის რაოდენობამ 79 477 შეადგინა, რაც 28 170 ვიზიტით ანუ 26.2%-ით ნაკლებია 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
რაც შეეხება 2019 წლის 10 თვეს, ამ პერიოდში რუსეთიდან ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობამ 1 324 226 შეადგინა, რაც 6%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს. მათ შორის, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 984 533 შეადგინა ანუ 1.9%-ით მეტი 2018 წელთან შედარებით.
მიუხედავად ბოლო თვეების განმავლობაში, ზრდის ტემპების გარკვეული შემცირებისა, ჯამში, ტურიზმის სფეროში დადებითი ტენდენციები შენარჩუნდა და ძლიერდება.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ საავიაციო შეზღუდვების დაწესების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ყოველდღიური სამუშაო იყო მინიმუმამდე დასულიყო ის ზარალი, რომელიც კერძო სექტორს და მთლიანად ქვეყანას მიადგა.
კერძოდ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიური მარკეტინგული კამპანიები ჩაატარა აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის ბალტიისპირეთში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, საუდის არაბეთში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, უზბეკეთში, ყაზახეთში და სხვ. – იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულებისადმი ინტერესი მაღალია და ტურისტები გამოირჩევიან სწრაფი გადაწყვეტილების მიღებით. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიურად იმუშავა, რათა ერთი ბაზრიდან მიღებული დანაკარგი მაქსიმალურად შევსებულიყო სხვა ტურისტული ბაზრებიდან ზრდით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს კამპანიებს ისრაელში, გერმანიაში, უკრაინაში, ქუვეითსა და პოლონეთში.
საქართველოს შესახებ სარეკლამო კამპანია გრძელდება National Geographic-სა და Google-ზე.
CNN-ზე წლის ბოლომდე გრძელდება მასშტაბური კამპანია, რომელიც მოიცავს სატელევიზო რეკლამას, სპეციალურ რეპორტაჟებს და ონლაინგვერდებს. კამპანიის ფარგლებში CNN-ის პლატფორმაზე საქართველოს გვერდი “Discover Georgia” დამზადდა.
სარეკლამო კამპანიები ტარდება სხვა გავლენიანი საერთაშორისო მედიით და ონლაინპლათფორმებით. პარალელურად, ვმასპინძლობთ მსოფლიოში მაღალრეიტინგული მედიასაშუალებების ასობით წარმომადგენელს.
დეტალური სტატისტიკა ასეთია:
ევროკავშირის ქვეყნები:
• ესტონეთი +79.1%, საფრანგეთი +51.4%, გერმანია +43.6%, პოლონეთი +43%, გაერთიანებული სამეფო +31% და სხვა.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:
• ყაზახეთი +139.4%, ყირგიზეთი +66.7%, ჩინეთი +58.9%, ისრაელი +56.9%, საუდის არაბეთი +44.9% და სხვა.
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი:
• სომხეთი (+12.7%), აზერბაიჯანი (+7.7%), რუსეთი (-15.2%) და თურქეთი (+16.9%) განხორციელდა.