კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სერვისი ამოქმედდა, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს, თანხა დაზოგონ და მოგზაურობა უფრო ეკოლოგიურად სუფთა გახადონ. საუბარია სასმელი წყლის უფასო აპარატებზე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ბოთლი სუფთა წყლით შეავსოს.
ეს სერვისი განსაკუთრებით აქტუალურია კიშინიოვის აეროპორტისთვის, რადგან აქ მგზავრთა უმეტესობას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ემსახურებიან, რომელთა ბორტზეც წყლის ყიდვა საკმაოდ ძვირი ჯდება. მაგალითად, Wizz Air-სა და Pegasus Airlines-ზე წყლის პატარა ბოთლი 3 ევრო ღირს, Flyone-ზე – 2 ევრო, ხოლო airBaltic-ზე – 2.5 ევრო.
ახალი სადგურები აეროპორტის ტერმინალის სხვადასხვა ნაწილშია განთავსებული. მგზავრებს მხოლოდ ერთი პირობის დაცვა მოეთხოვებათ – მათ ცარიელი ბოთლი უნდა ჰქონდეთ. ეს სერვისი პრობლემას უგვარებს მოგზაურებს, რომლებიც იძულებულნი არიან უსაფრთხოების შემოწმებამდე სითხეები გადაყარონ.
აღსანიშნავია, რომ კიშინიოვის აეროპორტი ევროპულ ტენდენციას მიჰყვება. მსგავსი სასმელი სადგურები წარმატებით ფუნქციონირებს ისეთ დიდ აეროპორტებში, როგორებიცაა პრაღა, ამსტერდამი, ვარშავა და ჰამბურგი. უფასო წყლის ხელმისაწვდომობა ამცირებს პლასტმასის ბოთლების მოხმარებას და აუმჯობესებს აეროპორტის მომსახურების სტანდარტებს.