საქართველოს მთავარი ტურისტული პორტალის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი პორტალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაგეგმოს მოგზაურობა საქართველოში და მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყნის ტურისტული პროდუქტების შესახებ.

“ქვეყნის მთავარი ტურისტული პორტალი უკვე მზად არის, მომხმარებლებს შეუძლიათ ეწვიონ და დაგეგმონ მოგზაურობა საქართველოში. ძალიან ბევრი საჭირო და საინტერესო ხელსაწყო დაემატა ჩვენს პორტალს. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი პირადი მოგზაურობა ააწყონ ინტერაქციული რუკის მიხედვით, აარჩიონ ლოკაცია და შემდეგ ესტუმრონ სხვადასხვა ადგილს. ძალიან საინტერესო პროექტი გამოვიდა, პორტალზე განთავსებულია 3200-ზე მეტი ახალი სტატია ორ ენაზე, სადაც  მომხმარებლები  გაეცნობიან ინფორმაციას საქართველოს ტურისტული ადგილების  შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ციფრული ტრანსფორმაციის სამყაროში ბევრად მეტ ტურისტს მოვიზიდავთ ჩვენი ახალი პლატფორმის საშუალებით“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მთავარი ტურისტული პორტალის  პრეზენტაცია მოაწყო. Georgia.travel-ის ახალი ვებგვერდი   70-მდე ქვეყნის ტურისტული პორტალის კვლევისა და ანალიზის შედეგად მომზადდა.

საქართველოს მთავარ ტურისტულ პორტალს 200-მდე ქვეყნიდან უკვე ეწვია 18 მილიონამდე უნიკალური ვიზიტორი.

მთავარი ტურისტული პორტალი georgia.travel შემუშავდა პარტნიორი კომპანიების დახმარებით, რომლებიც არიან: მკტ მენტორი, კლიპარტი, არტმედია და სხვა.