თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ძალისხმევით და თურქეთის პრეზიდენტის აქტიური ჩართულობით 2019 წლის 18 იანვრიდან ავიაკომპანია “Turkish Airlines” თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს შეასრულებს. ავიარეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს Boeing B737-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
ანკარა-თბილისი-ანკარა ახალი მიმართულებაა და აღნიშნულ საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აქამდე არ განხორციელებულა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, აკაკი საღირაშვილის განცხადებით, თბილისი – ანკარას შორის პირდაპირი რეგულარული რეისის ამოქმედება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის განსაკუთრებულ თანამშრომლობას. მისი თქმით, თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი და მსხვილი ინვესტორია. ასევე ზრდადი დინამიკით ხასიათდება თურქეთიდან ტურისტების სტატისტიკა. აკაკი საღირაშვილის განცხადებით, კიდევ ერთი ახალი რეისის დანიშვნა აუცილებლად გაზრდის აღნიშნულ მაჩვენებელს და საქართველოს თურქეთის კიდევ ერთ რეგიონთან დააკავშირებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია ”Turkish Airlines”-ს რეგულარული ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 2019 წლის 4 იანვარს მიენიჭა.