ქართული ავიაკომპანია AK-AIR Georgia საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან შიდა ფრენებზე ტენდერის გამოცხადების მოლოდინშია. როგორც ავიაკომპანიის დირექტორი იგორ აფციაური განმარტავს, დღეს AK-AIR Georgia-ს შიდა რეისებზე მომსახურება 2018 წელს დაწესებული ტარიფებით უწევს, რაც კომპანიისთვის დღეს წამგებიანია, რადგანაც წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფლაცია და გაძვირდა ყველა სერვისი.

„ტენდერის გაგრძელება მოხდა ივლისის ბოლომდე და თუ არ ვცდები ეს უკვე მესამე გაგრძელებაა. ხელშეკრულებას ჯერ კიდევ შარშან გაუვიდა ვადა. ტენდერი, რომელიც კომპანიამ 2018 წელს მოიგო იყო 4 წლიანი და ვადა ამოეწურა 2022 წელს. ჩვენთვის ძალიან რთულია იმ პირობებით ოპერირება, რომელიც გაფორმდა 2018 წელს. დღეს აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა, რადგანაც 2018 წელს რა ფასებიც მივაწოდეთ სახელმწიფოს ამის შემდეგ ყველაფერი და მათ შორის საწვავი მკვეთრად გაძვირდა. პლუს ინფლაცია, რამაც გააძვირა ჩვენი სერვისის ყველა კომპონენტი.

სატენდერო ხელშეკრულების ამოწურვიდან უკვე თითქმის ერთი წელია გასული და იგივე ტარიფებით გვიწევს ოპერირება. თუმცა ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებ და ფრენები არის. გეტყვით, რომ მოთხოვნა არის საკმაოდ გაზრდილი, თითქმის ყველა რეისი არის სავსე. ამიტომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოთხოვნის კიდევ უფრო მკვეთრ ზრდას ველოდებით, როგორც ადგილობრივი მგზავრების ასევე ტურისტების კუთხით. დღეში ხანდახან 5-6 რეისიც კი გვაქვს“, – განმარტავს აფციაური.

ავიაკომპანიის მენეჯერს იმედი აქვს, რომ ახალი ტენდერი მალე გამოცხადდება და ავიაკომპანიას ახალი ტარიფებით მოახდენს ოპერირებას.

„ჩვენ ინტერესი ღიადაც გამოვხატეთ, კონსულტაციებიც გვქონდა, რამდენჯერმე შევხვდით ეკონომიკის სამინისტროს, აეროპორტების გაერთიანებას და მინდა მადლობა გადავუხადო მათ პარტნიორობისთვის და კონსულტაციებისთვის, რადგანაც ძალიან ბევრი რამ რაც ჩვენგანაც იქნა წამოყენებული იქნა გათვალისწინებული“, – ამბობს ავიაკომპანიის დირექტორი.

AK-AIR Georgia ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ გაზრდილ მოთხოვნას ავიაკომპანია არსებული ავიაპარკით სრულად გაუმკლავდება.

„ჩვენ მოვახდინეთ საერთო რესურსების მობილიზება და სრულიად ვუმკლავდებით და გავუმკლავდებით გაზრდილ მოთხოვნას და შევძლებთ ზაფხულის სეზონზეც გაზრდილ მოთხოვნასაც მოვემსახუროთ. თუმცა პრობლემა არის ის, რომ ძალიან გვიჭირს არსებული ტარიფებით მომსახურების გაწევა.

იქიდან გამომდინარე, რომ უნიკალური ბიზნეს შეთავაზება გავაკეთეთ 2018 წელშიც და მომავალში ეგრე იქნება, რადგანაც ჩვენზე კარგ ფასს ვერავინ ვერ დადებს. იმ ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე რაც ჩვენ გაქვს შეუძლებელია სხვამაც ანალოგიური პირობები შესთავაზოს. თვითონ ნატახტრის აეროდრომის ჩვენი საკუთრებაა, ავიაკომპანია, ჩვენი ბორტები, ჩვენი ეკიპაჟები… აეროდრომის ლოკაციაც ისეთია, რომ 40 წუთს ვუგებთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს. ამ ყველაფერთან ერთად ჩვენ შეგვიძლია ყველაზე დაბალი ფასის დადება“, – აცხადებს AK-AIR Georgia-ს ხელმძღვანელი.

რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად შიდა მიმართულებებს, იგორ აფციაურის შეფასებით ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული დღეს მესტიის მიმართულებაა.

„ყველაზე მოთხოვნადი იყო და არის მესტია. მესტიის რეისები განსაკუთრებით ტურისტებისთვისაა მიმზიდველი. მგზავრების დაახლოებით 80%-ი არის უცხოელი ტურისტები და დანარჩენი არის ადგილობრივი მგზავრები. შემდეგ მოთხოვნადი მიმართულებების ჩამონათვალში მერე ადგილზეა ბათუმი, რომელიც ადრე სეზონური იყო და რეისები სრულდებოდა ძირითადად ზაფხულის სეზონზე. თუმცა ახლა ზამთარშიც დატვირთულები ვიყავით. რეალურად ბათუმის მიმართულებაზე ბორტები არა თუ სავსე, არამედ დამატებითი რეისების დანიშვნაც კი მოგვიწია. ტურისტების გარდა თბილისსა და ბათუმს შორის საკმაოდ გაიზარდა ბიზნეს შეხვედრები, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიზნესტრაფიკი. შემდეგია ამბროლაური, ვერ ვიტყვი, რომ იგივე დატვირთულობაა როგორც მესტიასა და ბათუმზე, თუმცა ამბროლაურზეც საკმაოდ გაზრდილია მოთხოვნა.
გვაქვს ასევე ქუთაისი-მესტიის რეისები და ეს მიმართულებაც პოპულარულია, რადგანაც როდესაც ტურისტი Wizz Air-ით ჩამოდის და მიდის მესტიაში მარტივად გადაჯდებიან ჩვენს ბორტებზე და 35-40 წუთში გადაფრინდებიან მესტიაში, რასაც ავტომობილით საკმაოდ დიდი დრო სჭირდება“, – აცხადებს აფციაური.