ევროპულმა ავიაგიგანტმა Airbus-მა წარმოადგინა თავისი ყველაზე კომფორტული ვიწროფუზელაჟიანი თვითმფრინავის — A220-ის განახლებული ვერსია. ახალი მოდიფიკაცია აღიჭურვება Airspace-ის ფირმის ინტერიერით, გაზრდილი ბარგის თაროებითა და ინოვაციური LED-განათებით. განახლებულ თვითმფრინავებს ავიაკომპანიები მიიღებენ უკვე 2026 წლიდან.
ახალი A220-ები მიიღებენ Airspace XL ბარგის თაროებს, რომლებიც 15%-ით მეტ ტევადობას უზრუნველყოფენ, ვიდრე სტანდარტული. თაროები ასევე 20%-ით მსუბუქი იქნება, რაც ხელს შეუწყობს საწვავის ხარჯის შემცირებასა და ტექნიკური მომსახურების ოპტიმიზაციას.

თვითმფრინავის LED-განათებას შეუძლია 16 მილიონამდე ფერის გადაცემა.
ახალი განლაგების წყალობით, A220-300 ვერსიის ტევადობა 10 ადგილით გაიზრდება — 150-დან 160-მდე. Airbus-ის გათვლებით, ეს საშუალებას მისცემს ავიაკომპანიებს 7%-ით გაზარდონ შემოსავლები გადატვირთულ მარშრუტებზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბალრენტაბელურ სექტორში.

Airbus-მა მსგავსი ნაბიჯები უკვე გადადგა პოპულარულ A320 მოდელთან — სალონის გადალაგებამტევადობა 180-დან 186-მდე გაზარდა, WC-კაბინების უკანა სამზარეულოში გადატანის ხარჯზე.

ახალი A220-ის სრულად სერტიფიცირება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს Airbus-ის პოზიციებს რეგიონალური და საშუალო მანძილის ავიამიმოსვლის სეგმენტში.