Airbus-ისგან ახალი ლაინერის, A320-ის მიწოდების შეფერხება Wizz Air-ის განრიგის ცვლილების მიზეზი გახდა.

Air Transport World-ის ცნობით, აგვისტოში კიევისა და ვარშავის მიმართულებით სხვადასხვა ფრენებზე სიხშირეების კლება სწორედ თვითმფრინავის მიწოდებასთან იყო დაკავშირებული.

კერძოდ, ერთ-ერთი ბორტის მიწოდება ივლისის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა 20 აგვისტომდე გადაიდო.

ავიაკომპანიის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ Wizz Air- მა რამდენიმე ხნის წინ ქუთაისის ბაზაზე ორი ახალი Airbus A320 ავიახომალდისა და თორმეტი ახალი მიმართულების დამატება დააანონსა  ფრანკფურტ ჰანში, ჰამბურგში, ჰერაკლიონში, კარლსრუე /ბადენ ბადენში, ნეაპოლში, ნიცაში, ნიურნბერგში, პიზაში, პოზნანში, სტოკჰოლმში, ტურკუსა და ვენეციაში.

ავიაკომპანიისთვის ავიახომალდების მიწოდების ქსელში მოულოდნელმა შეფერხებამ რამდენიმე სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან დანიშნულ ახალ ავიარეისებზე მოახდინა გავლენა. 2019 წლის ივნისში დაანონსებული მე-4 და მე-5 ბაზირებული ავიახომალდები აეროპორტს 2020 წლის ივლისიდან და დეკემბრიდან მოემსახურება, შესაბამისად, თორმეტი ახალი მარშრუტის ამოქმედებაც შედარებით გვიან მოხდება.

მგზავრებს, რომლებმაც საჰაერო ხომალდების განაწილებამდე უკვე შეიძინეს ბილეთები რომელიმე ზემოთ ხსენებული თორმეტი მიმართულებით, ეცნობებათ ცვლილებების შესახებ. მგზავრებს შეეთავაზებათ ბილეთის ცვლილება (აირჩიონ იგივე მარშრუტი, მაგრამ მოგვიანებით ან რომელიმე სხვა  მიმართულება), ბილეთში გადახდილი თანხის 100% დაბრუნება ან ბილეთის საფასურის 120%-ის დაბრუნება მგზავრის WIZZ ანგარიშზე.  ავიაკომპანია Wizz Air-ი გულწრფელად უხდის ბოდიშს დაზარალებულ მგზავრებს აღნიშნული ფაქტით შექმნილი უხერხულობის გამო.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ მგზავრებისთვის, რომლებმაც დაჯავშნეს ბილეთები ონლაინ ტურისტული სააგენტოების მეშვეობით და არა wizzair.com-ით: მგზავრები, მსგავს შემთხვევაში უნდა დაუკავშირდნენ თავიანთ პარტნიორ სააგენტოს.  მგზავრები, რომლებიც დარეკავენ საქართველოდან გრაფიკის შეცვლასთან დაკავშირებით, უნდა დაუკავშირდნენ Wizz Air-ის სერვის ცენტრს ნომერზე: +995 706 777 037. სხვა ქვეყნებიდან ზარების შემთხვევაში ნომრების გასაგებად კი უნდა ეწვიონ ბმულს:

https://wizzair.com/ka-ge/information-and-services/travel-information/special-assistance#/

Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. შვიდწლიანი წარმატებული ოპერირების შემდეგ, ავიაკომპანია გაფართოვდა და ქართულ ბაზაზე მეოთხე და მეხუთე Airbus A320 ავიახომალდი გამოყო. 2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაახლოებით ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს. WIZZ Air– ი თორმეტ მარშრუტთან ერთად, რომლებიც 2020 წლის ივლისსა და დეკემბერში ამოქმედდება, კომპანია მიმდინარე პერიოდში საქართველოდან გთავაზობთ 39 მოქმედ მარშრუტს 19 ქვეყნის მიმართულებით.