ავიამშენებელი კორპორაციის Airbus-ის წმინდა ზარალმა 2019 წელს €1.36 მლრდ შეადგინა, ეს იმ ფონზე, როდესაც 2018 წელს წმინდა მოგება €3 მლრდ იყო.

Airbus-ის 2019 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კონსოლიდირებული შემოსავალმა €70.5 მლრდ შეადგინა, რაც 11%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებლებთან შედარებით.

”კომპანიამ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა, კომერციული თვითმფრინავების მიწოდების წყალობით შეძლო. 2020 წლისთვის, ჩვენი მიზანი იქნება, კორპორაციული კულტურის გაძლიერება, სამუშაო პროცესის გაუმჯობესება და ფინანსური შედეგების გასაუმჯობესებლად ხარჯების სტრუქტურის რეგულირება, ”- განაცხადა Airbus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიიომ ფორიმ.

მისივე თქმით, ზარალის ერთ-ერთი მიზეზი საუდის არაბეთში იარაღის ექსპორტის აკრძალვასთანაა დაკავშირებული, რის შედეგადაც Airbus-მა ვერ შეძლო სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავების A400M გაყიდვა და ამით €1.2 მლრდ დაკარგა. ზარალის მიზეზი გახდა ასევე, კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით გამოძიებების შეწყვეტა, რაც კომპანიას €3.6 მლრდ

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს Airbus-ის მყარმა შეკვეთებმა 768 ლაინერი შეადგინა. 2018 წელს კი ანალოგიური მაჩვენებელი 747 თვითმფრინავი იყო. 

2019 წლის ბოლოს შეკვეთების პორტფელმა 7482 კომერციული თვითმფრინავი შეადგინა. ვერტმფრენების ბაზარზე კი Airbus Helicopters-ს 2019 წელს 310 მყარი შეკვეთა ჰქონდა.

რაც შეეხება Airbus-ის სამხედრო-კოსმოსურ განყოფილებას, Airbus Defence and Space-მა 2019 წელს €8.5 მლრდ-ს შეკვეთა მიიღო.

2020 წელს Airbus-ი ბაზარს სულ 880 კომერციულ თვითმფრინავს მიაწვდის.

Airbus-ის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 737 MAX-ის “გაჩერებით” კომპანიამ ვერანაირი სარგებელი ვერ ნახა.

“ეს შეიძლება პარადოქსულადაც კი ჟღერდეს, მაგრამ Boeing-თან დაკავშირებული პრობლემებით ჩვენ ვერანაირ სარგებელს ვერ ვნახულობთ. ჩვენ სრულად ავიაკომპანიების მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეგვიძლია”, – განაცხადა ფორიმ.