ევროპული თვითმფრინავების მწარმოებელი Airbus და მისი ჩინელი პარტნიორი, AVIC Xian Aircraft Industry Group, თანამშრომლობას აფართოებენ, რათა ჩინეთში Airbus A321 თვითმფრინავის წარმოების ლოკალიზაცია გაზარდონ.
South China Morning Post-ის ცნობით, ტიანძინში მდებარე Airbus-ის ქარხანა A321-ის ფიუზელაჟის წინა და უკანა ნაწილებზე კომპონენტების დამონტაჟების დამატებით ეტაპებს დაიწყებს.
ეს ნაბიჯი ევროპელ მწარმოებელს ჩინეთის ბაზარზე პოზიციების გამყარებაში დაეხმარება, განსაკუთრებით Boeing-თან კონკურენციისა და ჩინეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე.
ახალი შეთანხმება გამოცხადდა ჩინეთისა და ევროკავშირის ლიდერების პეკინში დაგეგმილი სამიტის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე. ანალიტიკოსების პროგნოზით, ამ სამიტზე შესაძლოა ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების მნიშვნელოვანი გარიგებები დაიდოს.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანიებმა — Air China, China Eastern და China Southern — Airbus-ისგან უკვე შეუკვეთეს 292 ერთეული A320neo თვითმფრინავი დაახლოებით $37.2 მილიარდად. ეს იყო Airbus-ის ისტორიაში ერთი მოდელის ყველაზე დიდი ერთჯერადი შეკვეთა.












