ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია airBaltic-ის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ქვეყნის ფინანსთა მინისტრის, არვილს აშერადენსის განცხადებით, თუ კომპანია მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, კერძოდ 30 ივნისამდე, ახალ ფინანსურ რესურსებს ვერ მოიზიდავს, მას საქმიანობის შეწყვეტა მოუწევს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ინვესტორების მოძიება გაცილებით რეალისტური გზაა, ვიდრე აქციების ბირჟაზე გატანა, რადგან საფონდო ბირჟაზე წარმატებული გასვლისთვის ავიაკომპანიას უნაკლო ფინანსური მაჩვენებლები სჭირდება, რისი პრობლემაც airBaltic-ს ამჟამად აქვს.
მინისტრის თქმით, ავიაკომპანიის ახალი ხელმძღვანელი, ერნო ჰილდენი, პრაგმატულად უდგება შექმნილ ვითარებას და უკვე ფლობს მანდატს პოტენციური ინვესტორების მოსაძიებლად. მთავრობა იმედოვნებს, რომ ფინანსური საკითხების მოგვარება დადგენილ ვადებში მოხერხდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ავიაკომპანიის ოპერაციების შეჩერება.
ამ დროისთვის ლატვიის სახელმწიფო airBaltic-ის აქციების 88.37%-ს ფლობს, გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს წილი 10%-ს შეადგენს, ხოლო დარჩენილი მცირე ნაწილი სხვა აქციონერებზეა განაწილებული. ავიაკომპანიისთვის უახლოესი თვეები გადამწყვეტი იქნება მისი შემდგომი არსებობისთვის.












