ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic-მა რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე რეისები დროებით გააუქმა. აღნიშნულის მიზეზად ეპიდსიტუაციის გართულება სახელდება. როგორც საქართველოში airBaltic-ის წარმომადგენლობაში განმარტავენ, ავიაკომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო და თბილისის მიმართულებით ფრენებს 10 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე აჩერებს.

რაც შეეხება 1-ელი დეკემბრის შემდეგ ოპერირების სქემას, ეს იმ დროისთვის არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ავიაკომპანიამ რიგა-თბილისი-რიგას მიმართულებაზე რეგულარული რეისები მიმდინარე კვირაშიც გააუქმა და 3 რეგულარული რეისის ნაცვლად 2 სპეცრეისის განხორციელება გადაწყვიტა, საიდანაც ერთი 3 ნოემბერს განხორციელდა, ხოლო მეორე 5 ნოემბერს შესრულდება. 

რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებაზე რეისები გააუქმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მაც. ავიაკომპანიამ ფრენების შეჩერების შესახებ მგზავრებს შესაბამისი შეტყობინება უკვე გაუგზავნა.