ავიაკომპანია Air Sénégal-მა დაკარისა და პარიზის (შარლ დე გოლი) მიმართულებით ფრენები კვლავ Boeing 777-200ER ტიპის ხომალდით განაახლა. აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე კვირიანი ოპერაციული შეფერხებების შემდეგ მიიღეს, რაც მიზნად ისახავს მარშრუტზე მგზავრთა ნაკადის სრულად ათვისებას.

აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაკომპანია ფრენებს ქართული ავიაკომპანია MyWay Airlines-ისგან (ბაზირებული თბილისში) სველი იჯარით აღებული ბორტით  ახორციელებს.

ხომალდმა (სარეგისტრაციო ნომერი: 4L-MWB) რეისების შესრულება 25 იანვარს დაიწყო.

ბოლო პერიოდში Air Sénégal-ს გარკვეული ტექნიკური თუ ოპერაციული ხარვეზები ჰქონდა, რის გამოც ფრენების განრიგი ირღვეოდა. 23 წლის ხომალდი, რომელიც თბილისიდან დაკარში 24 იანვარს გადაფრინდა, ავიაკომპანიას საშუალებას მისცემს აღადგინოს ფართოფიუზელაჟიანი თვითმფრინავების სრული მოცულობა პარიზის მიმართულებით, უზრუნველყოს მგზავრების შეუფერხებელი გადაყვანა და მოახდინოს სხვა შეჩერებული რეისების ეტაპობრივი რეაბილიტაცია.

4L-MWB აქამდეც აქტიურად გამოიყენებოდა სხვადასხვა საერთაშორისო ჩარტერულ და საიჯარო ოპერაციებში, რაც ხაზს უსვამს ქართული ავიაკომპანიების ჩართულობას გლობალურ ბაზარზე.