მოლდოვური ავიაკომპანია Air Moldova-მ თბილისის მიმართულებით მხოლოდ რამდენიმე რეისი გააუქმა, რამდენიმე დღეში ავიაკომპანია ოპერირების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. როგორც AviaNews-ს საქართველოში Air Moldova-ს ოფიციალურ წარმომადგენლობაში, კომპანია „ავიანეტში“ განუცხადეს, Air Moldova ამჟამად ფრენების განრიგის რეორგანიზაციაზე მუშაობს და საქართველოს მიმართულებით ფრენებს მალე განაახლებს.
როგორც თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, არ იცვლება Air Moldova-ს ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განრიგი, რომელიც კიშინიოვსა და თბილისს შორის კვირაში 7 სიხშირით ოპერირებას ითვალისწინებს.
ასევე Air Moldova ზაფხულში თბილისის გარდა ფრენებს შეასრულებს ბათუმის მიმართულებითაც. აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში 3 სიხშირით მოახდენს ოპერირებას.
როგორც ცნობილია, Air Moldova-ს ორი ბორტი, რომელიც ავიაკომპანიას იჯარით ქონდა აღებული, მოიჯარემ უკან გაიწვია. ამ ფონზე კი ავიაკომპანია ალტერნატიული ბორტების მოძიება დაიწყო და ვიდრე პროცესს ბოლომდე მიიყვანს, საუბარია რამდენიმე დღეზე, მის განრიგში გარკვეული ცვლილებებია.
შეგახსენებ, რომ დღეს ცნობილი გახდა, რომ მოლდოვის სახელმწიფო ავიაკომპანია ხუთი ქვეყნის დედაქალაქების – პრაღის, ლონდონის, პარიზის, სტამბოლისა და თბილისის მიმართულებით და პირიქით, ავიარეისებს აუქმებს.
Air Moldova გადაწყვეტილების მიზეზად ტექნიკურ სირთულეებს ასახელებს.
„გაუქმებულია ფრენები პრაღის, ლონდონის, პარიზის, სტამბულისა და თბილისის მიმართულებით და პირიქით. ავიარეისების გაუქმების მიზეზი ოპერაციული სირთულეებია. ავიაკომპანიის ფლოტის ორი თვითმფრინავი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი ფრენისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.