4 ივლისიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია „Air Malta“ იწყებს. რეგულარული რეისები კუნძულ მალტადან თბილისის მიმართულებით 18 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. ფრენები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 14 ივნისს მიენიჭა.
„Air Malta“ მალტის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა, რომელიც ორმოცამდე მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს და წელს, ოპერირების დაწყებიდან 45 წლის იუბილეს აღნიშნავს.