ავიაკომპანია Air India-სთვის 2025 წლის დეკემბერი საკმაოდ უცნაური აღმოჩენით დაიწყო. კომპანიამ კალკუტის აეროპორტის შორეულ კუთხეში მიაგნო საკუთარ კუთვნილ საჰაერო ხომალდს — Boeing 737-200-ს, რომელიც 13 წლის განმავლობაში ოფიციალურად დაკარგულად ითვლებოდა.
თვითმფრინავი (სარეგისტრაციო ნომრით VT-EHH) 2012 წელს ექსპლუატაციიდან ამოიღეს და კალკუტის აეროპორტში გააჩერეს. მას შემდეგ, კადრების ცვალებადობის, დოკუმენტაციის არასწორი წარმოებისა და კომპანიის პრივატიზაციის პროცესის გამო, ხომალდი Air India-ს აქტივების სიიდან უბრალოდ გაქრა.
სიტუაცია მხოლოდ მაშინ გაირკვა, როდესაც აეროპორტის ადმინისტრაციამ ავიაკომპანიას ტერიტორიის ძველი ხომალდებისგან გათავისუფლება სთხოვა.
თავდაპირველად Air India უარყოფდა, რომ თვითმფრინავი მათ ეკუთვნოდათ, თუმცა შიდა აუდიტის შემდეგ დადასტურდა, რომ „მიტოვებული“ ლაინერი ნამდვილად მათი საკუთრებაა. შედეგად:
ავიაკომპანიამ 13-წლიანი პარკირებისა და მომსახურების საფასური — 114,000 აშშ დოლარი(დაახლოებით 10 მილიონი რუპია) სრულად გადაიხადა.
ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, კემპბელ უილსონმა, მომხდარს „დოკუმენტაციის ქაოსი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ძველი სისტემის ხარვეზი იყო.
43 წლის თვითმფრინავი, რომელიც ოდესღაც ინდოეთის ფოსტისთვის ტვირთებს გადაზიდავდა, აღარ იფრენს. იგი უკვე გადაიყვანეს ბენგალურუში, სადაც მას ტექნიკური პერსონალის სასწავლო პლატფორმად გამოიყენებენ.
Air India-ს დაკარგული Boeing 737-ის ისტორია ეს ვიდეო დეტალურად აღწერს, თუ როგორ გაქრა 43 წლის ხომალდი ავიაკომპანიის რადარებიდან და რა გზა გაიარა მან 1982 წლიდან დღემდე.












